Baby Bag

​„დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, რომ სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

​„დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, რომ სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სკოლებისა და ბაღების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ინსტიტუციების გახსნაზე ისაუბრონ.

„სკოლები და ბაღები ნამდვილად გახლავთ პრიორიტეტი, ვინაიდან ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ უპირველესია ბავშვებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუმცა ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, მაგრამ, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა ის საჭიროება უზრუნველყოფილი, რათა ბავშვებმა უსაფრთხოდ იარონ სკოლებში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მართალია ეპიდსიტუაცია სახარბიელო არაა, თუმცა არსებობს ერთი მოცემულობა, რომლის საფუძველზე შეიძლება მთავრობამ სკოლების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

„სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდემიური სურათი ჯერჯერობით არ არის კეთილსაიმედო, ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს ისევ და ისევ დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე. თუ ეს არის 5 პროცენტზე ნაკლები, 3 პროცენტი მაინც, მაშინ შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე და როგორც კი მივუახლოვდებით ამ მაჩვენებელს, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამჟამინდელი ინფორმაციით სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს განახლდება, თუმცა, სად როგორი და რომელი ფორმით, ჯერჯერობით უცნობია.