Baby Bag

„ძალიან ხშირად ოჯახში ბატონ-პატრონი არის ბავშვი და დანარჩენი ყველა ემორჩილება მის სიტყვას,“ - ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი

„ძალიან ხშირად ოჯახში ბატონ-პატრონი არის ბავშვი და დანარჩენი ყველა ემორჩილება მის სიტყვას,“ - ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი

ფსიქოლოგმა ბარბარე ჭკუასელმა სკოლებსა და ოჯახებში ბავშთა უფლებების გაზრდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მასწავლებლებმა ბავშვის უფლებების მატების პარალელურად საკუთარი პოზიციები არ უნდა დაკარგონ და ბავშვებთან თანამშრომლობის გზით ავტორიტეტი შეინარჩუნონ:

„რაც შეეხება სკოლას, ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მენტორული ტონი მასწავლებლების მხრიდან. ძალიან ხშირად, როდესაც ცვლილება შემოდის ხოლმე, ვვარდებით მეორე უკიდურესობაში. მერე ნელ-ნელა მივდივართ შუალედურ ვარიანტამდე. ახლა ბავშვებს გაცილებით მეტი უფლებები აქვთ ვიდრე ჰქონდათ მანამდე, თუმცა, ​როგორ დარეგულირდება კლასში ეს მეთოდები, უფრო მასწავლებლის პრეროგატივაა, ვიდრე ბავშვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ უკიდურესობაში ისე ძალიან არ გადავვარდნილვართ. მასწავლებელს შეუძლია სწორად მართოს სიტუაცია. ის უფლებები, რომლებიც ახლა აქვს ბავშვს კლასში მასწავლებლისა და ბავშვის ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან ლოგიკურია და ძალიან სწორია. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა თავისი პოზიციები არ უნდა დაკარგოს. მისი სიტყვა უნდა იყოს ბავშვისთვის მნიშვნელოვანი. ყველა სიტუაციაში მივდივართ თანამშრომლობამდე.“

ბარბარე ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ხშირად ოჯახში ბავშვი ბატონ-პატრონია და ყველა მას ემორჩილება:

„როდესაც წამყვანი სიტყვა აქვს ბავშვს, აქ უკვე საზღვრები ირღვევა მშობელთან მიმართებით. ძალიან ხშირად ოჯახში ბატონი არის ბავშვი. ადრე ხშირად მშობლებს მენტორული ტონი ჰქონდათ. დღევანდელი ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ ბავშვსაც მივცეთ თავისუფლება, მაგრამ ესეც უკვე მეორე უკიდურესობაში ვარდება ხოლმე. ძალიან ხშირად ოჯახში ​ბატონ-პატრონი არის ბავშვი და დანარჩენი ყველა ემორჩილება მის სიტყვას. ეს ერთი შეხედვითაც ძალიან შესამჩნევია. ის კი არ არის პრობლემა, რომ მშობელი ბოლომდე ითვალისწინებს ამ ბავშვის სიტყვას, მერე გვექმნება პრობლემა უკვე. მას პრობლემები ექმნება ბაღის, სკოლის სივრცეში. ბავშვს არ შეუძლია სხვისი სხვისი აზრის გაგება, გათვალისწინება, სხვისი ემოციების გაგება. ის იმდენად ეგოცენტრულია, რომ უჭირს ირგვლივ ყველაფრის დანახვა.“

ბარბარე ჭკუასელის თქმით, მშობლებმა აღზრდის კონკრეტული მეთოდის გამოყენებისას უნდა წარმოიდგინონ, თუ როგორი იქნება მათი შვილი მომავალში:

„რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი და უნდა, რომ ის გამორჩეული იყოს. მშობლებს სამომავლოდ წარმოვადგენინებ ხოლმე სიტუაციას. ვეკითხები: „წარმოიდგენთ, როგორი იქნება ბავშვისთვის სკოლა, უნივერსიტეტი, როდესაც მას არ შეეძლება თანამშრომლობა, კონფლიქტი ექნება საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში?“ ​მერე უკვე მშობელი კარგად ხედავს, რა ნეგატივი შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას. ადრეულ ბავშვობაში ყოველთვის ვმუშაობ მშობელთან ან მშობელთან და ბავშვთან.“

„მშობლები ძალადობას თვლიდნენ სწორად, შესაბამისად ამას ითხოვდნენ მასწავლებლებისგან. ძალიან ბევრს უთქვამს, რომ მასწავლებელი რასაც არ აკეთებდა, ამას ამატებდა კიდევ მშობელი. კარგ ბავშვებად აღიქმებოდნენ ბავშვები, რომლებიც საკუთარ სურვილებს არ გამოხატავდნენ. ასეთ შემთხვევაში მივდივართ იქამდე, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანს არ შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. ​მას ბავშვობაში არავინ ჰკითა თავისი აზრი, არც განუმტკიცა, რომ ეს კარგია. მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა და სოციუმში ადგილის დამკვიდრება, ან აქვს აგრესია, რადგან მასში ეს ყველაფერი დუღს დღემდე. რატომ მივიღეთ დღეს ეს მდგომარეობა, რომ ბავშვები, რომლებსაც ერთდროულად ძალიან ბევრი უფლება მიეცათ, თითქოს უფრო მენტორებად აღმოჩნდნენ დღეს, ვიდრე მშობლები?! იმიტომ, რომ მშობლები, რომლებსაც ბავშვობაში ჩაგრავდნენ, ან იმავეს იმეორებენ ან აბსოლუტურად მეორე უკიდურესობაში არიან,“ - აღნიშნულ თემაზე ბარბარე ჭკუასელმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

„ბავშვს უნდა აუკრძალო, აკრძალვები ბავშვს ზრდის, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს საზრისი,“ - ფსიქოთ...
​ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი ბავშვის სწორად აღზრისთვის წესრიგის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შვილები წესრიგს აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ:„პედაგოგი ის კი არ არის, ვინც ინფორმაციას კარგად ფლ...