Baby Bag

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით გამოძიებამ 7 პირი დააკავა, მათ შორის, ბავშვის დედა და 2 ექიმი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

​„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,“ - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ყოველდღე აბანავებენ ბავშვს, ეს გარკვეულწილად ზედმეტია, ყველა ასაკს აქვს ბანაობის თავისი სიხშირე და თავისი წესი,“ - ივანე ჩხაიძე

„როდესაც ყოველდღე აბანავებენ ბავშვს, ეს გარკვეულწილად ზედმეტია, ყველა ასაკს აქვს ბანაობის თავისი სიხშირე და თავისი წესი,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვის კარგი განვითარებისა და ჯანმრთელი კანისთვის ბანაობის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლები ხშირად ბავშვებს ყოველდღიურად აბანავებენ, რაც გადაჭარბებულია და საჭირო არ არის:

„ჩვენ ძალიან გვიჭირს ბევრი მშობლის დარწმუნება იმაში, რომ ავადმყოფი ბავშვი არ ნიშნავს კარჩაკეტილ, ფანჯრებჩაკეტილ, დახურულ სივრცეში მყოფ ბავშვს. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ბანაობა არის ​ბავშვის კარგი განვითარების, ჯანმრთელი კანის, ჯანმრთელი ორგანოების აუცილებელი ატრიბუტი. ჩვენ ბანაობას ვთვლით ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად, ოღონდ აქაც გარკვეული უკიდურესობები გვაქვს ხოლმე. უფრო ხშირად ჩვენთან არის შემთხვევა, როდესაც ყოველდღე აბანავებენ ბავშვს. ეს გარკვეულწილად ზედმეტია, ასევე კანზე ზემოქმედების მხრივ არ წარმოადგენს დადებით და პოზიტიურ მომენტს. ყველა ასაკს აქვს ბანაობის თავისი სიხშირე და თავისი წესი, ყველა ბანაობას აქვს თავისი ხანგრძლივობა.“

ივანე ჩხაიძის თქმით, მკაფიოდ არის განსაზღვრული ის ასაკი, როდესაც ბავშვმა ყოველდღიურად უნდა იბანაოს:

„ბანაობისთვის 5-10 წუთი არის განსაზღვრული, როგორც ოპტიმალური დრო. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი არსებობს. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასაკი, როდესაც ბავშვმა უნდა იბანაოს ყოველდღე. ეს ასაკი პირდაპირ არის მითითებული. 12 წლის ზემოთ სასურველია, რომ ბანაობა იყოს ბავშვის ყოველი დღის შემადგენელი აუცილებელი ნაწილი. უფრო მცირე ასაკის ჯფუფში, განსაკუთრებით წლამდე ასაკში, არანაირი აუცილებლობა ყოველდღიური ბანაობის არ არის. ​აუცილებელია იმ ჰიგიენური პროცედურების შესრულება, რასაც ნაწლავთა მოქმედების ან მოშარდვის შემდეგ აკეთებს მშობელი. ეს არის აუცილებელი კომპონენტი. დაბანა და კანის მოვლა ყოველთვის სინონიმი არ არის. თორმეტ წლამდე ასაკში დაბანის სიხშირე განსაზღვრული გვაქვს 2-3-ჯერ კვირაში.“

ივანე ჩხაიძემ კვების დროს ბავშვებისთვის მულტფილმების ყურების შესაძლებლობის მიცემა ნეგატიურად შეაფასა. მისი თქმით, ეს მშობლების მიერ ბავშვისთვის შეთავაზებული არასწორი გამოსავალია, რომელსაც პედიატრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ​ეს არ არის ბავშვის გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი. კვების მსგავსი ხერხი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გამოიყენება. კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ კვების დროს სმარტფონების გამოყენების. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებით მაქსიმუმ ნახევარი საათია ეკრანთან კონტაქტი დაშვებული სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის."

„მშობლები, რომლებიც დღეში 5-6-ჯერ აძლევენ საკვებს ბავშვს და ბავშვი ამ 5-6 კვების განმავლობაში 5-10 წუთით უყურებს ეკრანს, ეს არის ძალიან ცუდი. ეს ძალიან ცუდია თვალისთვის, უშუალოდ კვების პროცესისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ალტერნატივა უნდა მოვძებნოთ. მთავარია, რომ არ უნდა დავიწყოთ. ამას იწყებენ ძალიან მცირე ასაკიდან. ბავშვის ყურადღება გადატანილია სრულიად სხვა რამეზე. ​ამას ძალიან სწრაფად ეჩვევა ბავშვი, ჩვენ შევაჩვიეთ. ეს არ არის მისი მოთხოვნა. რაც სწრაფად გავიაზრებთ, რომ ეს არის ცუდი და რაც უფრო სწრაფად შევცვლით ამ პრაქტიკას, მით უფრო კარგია ბავშვისთვისაც, თქვენთვისაც და კვების პროცესისთვისაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად