Baby Bag

„დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით!“ - პატრიარქის დღევანდელი ქადაგება

„დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით!“ - პატრიარქის დღევანდელი ქადაგება
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, -  ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას. უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. დიდ ხარ შენ უფალო, დიდება და მადლობა უფალს! დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყავართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს სვლაში ამ რთულ გზაზე; გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარი, რომ ეს გზა მიგვიყვანს უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. თქვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისასა და ეს სახელები სასუფეველშია. არ უნდა შეგვეშინდეს. ეს ჯვრის გზა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გაგვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთიმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ გავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ, - „ჩვენთან არს ღმერთი“, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფევლისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით! წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალ გვეყოს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა! არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს! დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი! მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი. ყოველ დღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენ თვითონ, ასხურეთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახს, თქვენს სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელი საკვირაო ქადაგება 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა... არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა“

„ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა... არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშა, უფლის მსგავსად ყველა ადამიანი უნდა ამაღლდეს.

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი თითქოს განშორდა მიწას და ხალხს, სინამდვილეში კი, იგი ჩვენთანაა. უფალი ამბობს: „სადაც ორი და სამი არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ“. დიდება და მადლობა უფალს! ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ.

მე მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, - ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი თუ სხვა რამ, ყველაფერი ჩვენთვისაა და უწყობს ხელს ჩვენს ამაღლებას.

დედამიწაზე ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ეს არის წუთის სოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

ხშირად ვიცით თქმა: „ღმერთს ებარებოდეთ!“ სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს უნდა ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ. ამისთვის კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჩვენი თავისთვის კი არ ვიცხოვროთ, არამედ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვისთვის, სხვა გაახაროს; აი ამას გისურვებთ თქვენ. გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

აი, როცა ჩვენთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილი ან ხე საჩუქრად, მე ვეუბნები მათ და თქვენც გასწავლით, რომ მცენარეს უთხრათ: გაიხარე და გაგვახარე!

ადამიანი მწუხარებისთვის კი არა სიხარულისთვის არის გაჩენილი. სიხარულისთვის არის მოვლენილი. ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, არ დათრგუნოთ თქვენი გონება; იმედი არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა და ჩვენთანაა, გაიხარეთ. გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ! ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.

წაიკითხეთ სრულად