Baby Bag

მშობელი ბაღის შენობაში ვერ შევა - რა შეზღუდვები და რეკომენდაციები იმოქმედებს საბავშვო ბაღებში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხვალ გახდება ცნობილი.

„ბაღების ფუნქციონირება აღდგება პირველი ოქტომბრიდან. ბიზნესომბუდსმენთან ერთად დღეს გვაქვს დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. ვიმედოვნებ, რომ ხვალ იქნება უკვე რეკომენდაციები.

სკოლების ნაწილში შემოწმება განხორციელდა რესურსცენტრების მხრიდან, რომელმაც მოამზადა და შემოწმების შემდეგ  აქვთ დადებითი შეფასება. ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას, როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება მათი ფუნქციონირების განახლება,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

წესების საბოლოოდ დამტკიცებამდე, მან მედიასთან ისაუბრა იმ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც უკვე შემუშავებულია. კერძოდ, ფერაძის ინფორმაციით, იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში, დადგენილია ჭურჭლისა და სათამაშოების რეცხვის წესი.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა დაწესდეს ბაღებში, პირველ რიგში იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში და ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს (ძიძებს) უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას. წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს, რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან. ასევე განსაზღვრულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება სახლიდან სათამაშოების წამოღება და ასევე ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი. რეცხვა, მათ შორის სათამაშოების, უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე და გაშრობაც როგორ უნდა განხორციელდეს, დეტალურად იქნება გაწერილი. პროტოკოლი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

​სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები კი 1-ლი ოქტომბრიდან.