Baby Bag

რა ყოფილა გურია?! - ინტერვიუ ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელ ხატია ჭყონიასთან

რა ყოფილა გურია?! - ინტერვიუ ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელ ხატია ჭყონიასთან

„გოლ, ჭყონია, 68-ე წუთი“ - სავარაუდოდ, ჩემთვის უცხო ენაზე სწორედ ეს ფრაზა წამოიძახა იმ კომენტატორმა, რომელიც 2020 წლის 19 ნოემბერს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის „ოლიმპია კლუჟისა“ და „ლანჩხუთის“ შეხვედრას უძღვებოდა. სანამ ბურთი კარის ბადეს შეეხებოდა და მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი გამარჯვების ყიჟინას შემოსძახებდა, კომენტატორმა კიდევ ერთი ქართული გვარის დასახელებით შეძლო „ენის გატეხვა“. „ხაბურდდზზანია“ ამბობდა ის და ხმის ტემბრსაც ნელ-ნელა უმატებდა, რადგან სწორედ იმ მომენტში ირინა ხაბურზანიამ იდეალური გადაცემით მეტოქის ნახევარზე ბურთი ხატია ჭყონიას გადააწოდა. „ლანჩხუთის“ 31 წლის ფორვარდმა კი სამი მეტოქის ჩამოშორება მარტივად შეძლო და მერე... მერე იყო „გოლ, ჭყონია, 68-ე წუთი“.

რუმინეთის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ოლიმპია კლუჟამდე“ ქართველმა გოგონებმა არანაკლებ რთულ მეტოქეს სძლიეს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტპაზე, გასვლით მატჩში, ისინი ყაზახურ „ოკჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 120 წუთი გაგრძელდა, 2:1 დაამარცხეს ყაზახური გუნდი. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ახალი ისტორიის წერა.

ისტორია კი გვეუბნება, რომ ამჟამად ქართულ ფეხბურთში გურული პატარა ქალაქის ქალთა კლუბი ერთადერთია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა და ამ პრესტიჟულ ტურნირზე იასპარეზებს.

„გზა ლიგამდე გრძელი და შორი იყო“ - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს „ლანჩხუთის“ ლიდერი ხატია ჭყონია - „ეს გზა გაჭირვებით, ძალიან გაჭირვებით გამოვიარეთ, ბევრი პრობლემა და დაბრკოლება შეგვხვდა. მიუხედავად ამდენი პრობლემებისა, ვარჯიში წუთითაც არ შეგვიწყვეტია, პირიქით, უფრო მონდომებულები ვიყავით და ამ გამარჯვების შემდეგ, მეტსაც გავაკეთებთ. ვარჯიშებზე ერთმანეთს ვუქმნით განწყობას, ვხალისობთ, ვიცინით და ამაში დიდი წვლილი ჩვენს მწვრთნელსაც მიუძღვის, რომელიც ამას არ გვიშლის. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ასეთი შედეგიანი და შეკრული, ერთიანი გუნდი ვართ. ჩვენთან თავისუფლებაა“.

„ლანჩხუთის“ მეტოქე რეიტინგით გურულ კლუბზე ბევრად წინ იყო. გარდა ამისა, რუმინული თუ ყაზახური კლუბების ფინანსური მდგომარეობა და ფეხბურთელების ფიზიკური მომზადებაც ჩვენსაზე გაცილებით უკეთესია. ამ ყველაფერს თითქოს უნდა ეთამაშა კიდეც გადამწყვეტი როლი ამ მატჩებში, თუმცა იღბლიანი ბორბალი ჩვენს სასარგებლოდ დატრიალდა.

„ფიზიკურად ძალიან დაგვჩაგრეს. სიმართლე გითხრათ, პირველი ტაიმის საწყის წუთებზე საერთოდ არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ მოვიგებდით, რადგან ძალიან გვიტევდნენ, ჩვენს მეკარეს უამრავი სეივის შესრულება მოუწია. თუმცა იმ გოლის შემდეგ, რომელიც გავიტანეთ და არ ჩაგვითვალეს, რწმენა დაგვიბრუნდა. ამას დაემატა ბოლო წუთებზე ჩემი დარტყმა, რომელიც ძელმა აისხლიტა და აქ თითქოს ვირწმუნეთ, რომ გამარჯვება შეგვეძლო. გასახდელში მაქსიმალურად ვამხნევებდით ერთმანეთს და მეორე ტაიმში, სტადიონზე ისე გამოვედით, თითქოს უკვე მოგებული გვქონდა ეს თამაში“ - გვიყვება ხატია ჭყონია.

ხატიამ გამარჯვების გოლის გატანისას განცდილი ემოციებიც გაგვიზიარა: „ეს იყო ნამდვილი სასწაული. ბევრი გოლი გამიტანია, მათ შორის, მნიშვნელოვან მატჩებში, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ემოცია? ვიყავი ბედნიერი და დაბნეული. დაუჯერებელი იყო, რომ გუნდთან, რომელთანაც პირველ ტაიმში მინიმალური შანსები გვქონდა მოგების, გოლი შევაგდე. დაუჯერებელი იყო“.

რუმინეთში მატჩის საფინალო სასტვენი 93-ე წუთზე გაისმა. „სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ მოვიგეთ. მანამდე თითქოს მქონდა შიში, რომ გოლი არ გაგვეშვა, თან მოედანზე აღარ ვიყავი, რადგან მწვრთნელმა შემცვალა და თამაშის ყურება შორიდან მიწევდა. როგორც კი მსაჯმა ჩასტვინა, ვიგრძენი, რომ მოვიგეთ“ - აღწერს ფეხბურთელი თავის ემოციებს.

საუბრის დასასრულს ხატია ჭყონიამ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც ფეხბურთის თამაში ოცნებად აქვთ ქცეული, რჩევებიც მისცა: „პირველ რიგში, კომპლექსები უნდა მოიხსნან და მივიდნენ გუნდებში. დღესდღეობით თითქმის ყველა რაიონშია გოგონათა ან ბიჭების გუნდები. მე თავიდან ბიჭების გუნდში ვვარჯიშობდი და ეს უფრო შედეგიანია, სიმართლე გითხრათ. თუ იცით, რომ გაქვთ ნიჭი და გაქვთ სურვილი თამაშის, ითამაშეთ, ივარჯიშეთ, იბრძოლეთ. შეიძლება ბევრი გულისტკივილი, დაბრკოლება და დამარცხება შეგხვდეთ, მაგრამ თუ გულით გინდათ ფეხბურთელობა, ამას მიაღწევთ. მე, 31 წლის ასაკში მივაღწიე იმას, რასაც მთელი ცხოვრება ველოდი და ვოცნებობდი“.

„ლანჩხუთელთა“ ლიდერის მსგავსად აუხდათ ოცნება გუნდის სხვა გოგონებსაც და მათ მწვრთნელს, გიორგი ჩხაიძეს, რომლის სახელიც და გვარიც უკვე წერია ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, როგორც მწვრთნელისა, რომელმაც მოახერხა და ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

გურული კლუბის მომდევნო მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია. „ლანჩხუთი“ ორმატჩიან დუელში შვედურ „როსენგრადს“ დაუპირისპირდება. „როსენგრადი“ შვედეთის ახლანდელი ვიცე-ჩემპიონი და ყოფილი ჩემპიონია. შვედური კლუბი უეფას საკლუბო რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ხოლო „ლანჩხუთი“ 79-ე პოზიციას იკავებს.

მიუხედავად ამ „საშიში ციფრებისა“ გურიაში სჯერათ, რომ სასწაულები ხდება და კიდევ გაიგონებენ მათთვის უცხო ენაზე მოსაუბრე კომენტატორის ხმას და სიტყვებს „გოლ, ჭყონია, 68-ე წუთი“.

ავტორი: მარიამ მაშა გვარამია