Baby Bag

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ეხმაურება ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო საბავშვო ბაღებში შესული ხორცის არადამაკმაყოფილებელ ხარისხსა და პროდუქტის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე:

გთავაზობთ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას უცვლელად:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო საბავშვო ბაღებში შესული ხორცის არადამაკმაყოფილებელ ხარისხზე და პროდუქტის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე, რაც არის სიცრუე და კონკრეტული ინტერესების მქონე რამდენიმე პირის უსაფუძვლო ბრალდებებზე დამყარებული განცხადება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის 180 საჯარო ბაგა-ბაღში შესული თითოეული სახეობის პროდუქტი აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, გადის ყველა მაკონტროლებლის მიერ კანონით დადგენილ შემოწმებას, არის ლაბორატორიულად შემოწმებული, სერტიფიცირებული და შესაბამისად, სრულიად უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტი.

საჯარო ბაღებში მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია კვების ბლოკის კონტროლზე და მათი მონიტორინგის გარეშე საბავშვო ბაღში არ ხვდება შეუსაბამო ხარისხის საკვები პროდუქტი.

საბავშვო ბაღებში პერმანენტულ მონიტორინგს ახორციელებს უშუალოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება, რომლის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მომწოდებელი კომპანიისა თუ მისი კონტრაქტორების მიერ პროდუქტის წარმოება მუდმივად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაზეც საუბარი იყო ამავე რეპორტაჟში.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ რეპორტაჟის ავტორს არ მიუმართავს თბილისის მერიისთვის ან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსათვის აღნიშნულ საკითხის განმარტების მიზნით.

აშკარაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, „ანტიკორუფციული კავშირისა“ და „მონიტორინგის ცენტრის“ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი აღსაზრდელების მშობლებში, პანიკის გამოწვევა.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ეხება ამ უაღრესად სენსიტიურ საკითხს, საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების კვებას, გადაამოწმონ თბილისის მერიის ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში 11 ივნისს 10:00 საათიდან იწყება

აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში 11 ივნისს 10:00 საათიდან იწყება
11 ივნისს 10:00 საათიდან იწყება აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში. რეგისტრაცია წარიმართება სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას შეძლებენ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარები. ეს კატეგორიებია:
1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა, რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში);
3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი)
7) სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
ამასთან, სამხედრო მოსამსახურეების შვილები და გსმ სტატუსის მქონე ბენეფიციარები არ გაივლიან რეგისტრაციას ვებგვერდზე. ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]
რეგისტრაციის გადამოწმება ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ იმავე გვერდზე, სადაც შეავსეთ მონაცემები.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლით ბავშვი, თუ ის უკვე ჩარიცხულია თბილისის რომელიმე სხვა საჯარო ბაღში. ბაღის შეცვლისათვის, ამჟამინდელი რეგისტრაციის ბაღს მოთხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება და მხოლოდ შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია სასურველ ბაღში.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 18 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა რეგისტრაციის გავლისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.

რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები- დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი (ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლი უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში.

წაიკითხეთ სრულად