Baby Bag

​როდიდან უნდა მივაწოდოთ ჩვილებს D ვიტამინი და რა მიგვანიშნებს, რომ D ვიტამინი სჭირდება ბავშვს?

​როდიდან უნდა მივაწოდოთ ჩვილებს D ვიტამინი და რა მიგვანიშნებს, რომ D ვიტამინი სჭირდება ბავშვს?

როდიდან უნდა მივაწოდოთ ჩვილებს D ვიტამინი და რა მიგვანიშნებს, რომ D ვიტამინი სჭირდება ბავშვს? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე.

„ვიტამინი D ერთდროულად წარმოადგენს ჰორმონს და ცხიმში ხსნად ვიტამინს. „მზის ვიტამინი“ 1963 წელს იქნა გამოყოფილი თევზის ქონიდან. არჩევენ ვიტამინ D-ს ორ აქტიურ ფორმას. პირველი, ვიტამინი D2 - მცენარეული წარმოშობის სინთეზური ვიტამინი, რომელიც წარმოიქმნება ზოგიერთ საფუარა სოკოზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, მისი პროვიტამინია ერგოსტერონი. ვიტმინი D2-ით ამდიდრებენ საკვებს და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს. მეორე, ვიტამინი D3 - მეორე სახელი „ნატურალური“. ვიტამინი D3 გვხვდება ცხოველური წარმოშობის საკვებში, ადამიანის ორგანიზმისთვის უფრო ოპტიმალურად ითვლება.
D ვიტამინის ეს ფორმები თირკმელებსა და ღვიძლში გარდაიქმნება ჰორმონ კალციტრიოლად, ამ ვიტამინის აქტიურ ფორმად, რომელიც მოქმედებს კუნთების, თირკმელების, ნაწლავების უჯრედებზე. ნაწლავებში იგი ხელს უწყობს კალციუმის გადამტანი ცილის წარმოქმნას, ხოლო კუნთებსა და თირკმელებში - თავისუფალი კალციუმის უკუშეწოვას. რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა, მზეზე ბავშვის არასაკმარისად ყოფნასთან ერთად იწვევს ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის შედეგადაც ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა და მინერალიზაცია. ამ დაავადებას ბაშვებში რაქიტი, მოზრდილებში კი ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება) ეწოდება. ასევე აღსანიშნავია, D ვიტამინის დადებითი გავლენა ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, ორგანიზმის იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. D ვიტამინს აქვს ანთების საწინააღმდეგო, იმუნომარეგულირებელი თვისებები და მონაწილეობს იმუნური დაცვის გააქტიურებაში. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში D ვიტამინი იცავს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.
- როდიდან უნდა მივაწოდოთ ჩვილებს D ვიტამინი და რა მიგვანიშნებს რომ D ვიტამინი სჭირდება ბავშვს?
- ბავშვი იბადება D ვიტამინის მცირე მარაგით, მაგრამ თუ შემდგომი ზრდის პერიოდში მას არ მიეწოდება ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობა, განვითარდება D ვიტამინის ნაკლებობა. იგი ჩვილის სიცოცხლის პირველ და მეორე თვეზევე იჩენს თავს. გამოვლინების პირველი ნიშნებია:
  • ჭირვეულობა, ხშირი ტირილი, ბავშვი შეიძლება იყოს, როგორც აგზნებული, ისე მივარდნილი;
  • უძილობა, ფრთხილი ძილი, კრთომები (ძილშიც და სიფხიზლეშიც);
  • ცუდი მადა;
  • ოფლიანობის მომატება, განსაკუთრებით კეფის არეში. ბალიშზე ოფლიანი კეფის ხშირი ხახუნის გამო გამელოტება ვითარდება, ე.წ. კეფის სიქაჩლე;
  • ძვლების არასაკმარისი მინერალიზაციის გამო, ყიფლიბანდის დროული დახურვა არ ხდება, ყიფლიბანდი დიდი ზომისაა, რბილდება დიდი ყიფლიბანდის კიდეები;
თუ D ვიტამინს დეფიციტი გაგრძელდება, ჩამოყალიბდება რაქიტი, შემდეგი გამოვლინებებით:
  • თავის დეფორმაცია: კეფის გაბრტყელება, დიდი ყიფლიბანდის გვიანი დახურვა, გამოკვეთილი შუბლის ბორცვები, კვადრეტული ფორმის თავი;
  • კბილების გვიანი ამოსვლა;
  • გულმკერდის დეფორმაცია: მკერდის ძვალთან ნეკნების ბოლოების შემსხვილება - „რაქიტული კრიალოსანი“, ლავიწების დეფორმაცია, მკერდის ძვლის დეფორმაცია - ჩაზნექილი ან გამოზნექილი მკერდი, „მეწაღის გულმკერდი“ ან „ქათმის გულმკერდი“;
  • კიდურების დეფორმაციები: ხელებზე სხივ-მაჯის სახსრის შემსხვილება - რაქიტული სამაჯურები და როდესაც ბავშვი სიარულს დაიწყებს ფეხებზე გარეთ გაზნექილი - O-ს მაგვარი, ან მუხლის არეში შიგნით შედრეკილი და ერთმანეთთან მიახლოებული - X-ის მაგვარი ფეხები;
  • კუნთთა ტონუსის დაქვეითება: დიდი ბაყაყისებური მუცელი, ხოხვისა და სიარულის დაგვიანება, იხვისებური სიარული;
  • ყაბზობა და ფაღარათი.
რაქიტის დიაგნოზს პედიატრი სვამს გასინჯვისას, მაგრამ ზოგჯერ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედებმა დაავადების ზემოთ ჩამოთვლილი პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე მიმართონ პედიატრს.
- D ვიტამინის მიღებისთვის სეზონს აქვს მნიშვნელობა?
- რაც შეეხება სეზონს, უკვე გესაუბრეთ, D ვიტამინს ასევე მზის ვიტამინსაც უწოდებენ. იგი ორგანიზმში სინთეზირდება კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ამიტომ ზაფხულის თვეებში, როდესაც ბავშვი ჰაერზე მეტ დროს ატარებს, კანზე მზის სხივების ზემოქმედება, შესაბამისად, ორგანიზმის მიერ D ვიტამინის გამომუშავება უფრო აქტიურია, ამიტომ D ვიტამინის დასალევად მისაღები დოზა შეიძლება შემცირდეს, ან საერთოდ შეჩერებულ იქნას შემოდგომის თვეებამდე, თუმცა ამ საკითხსაც თქვენი პედიატრი გადაგიწყვეტთ.
- დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული მიღება?
- D ვიტამინის მიღება, როგორც ყველა სხვა ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა, უმჯობესია დღის პირველ მონაკვეთში, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოს დღის მანძილზე ორგანიზმში, მეტაბოლიზმის პროცესებში. ძილის წინ მისი მიღება შეიძლება ცუდი ძილის პროვიცირების მიზეზი გახდეს.
- რას ურჩევდით მშობლებს?
- ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მოვლისა და კვების რეჟიმის სწორი ორგანიზება. უმჯობესია, ბავშვი იკვებებოდეს ძუძუთი, მაგრამ თუ ბავშვი გარკვეულ მიზეზების გამო ხელოვნურ კვებაზეა, აუცილებლად უნდა იღებდეს ადაპტირებულ ნარევს, (ასაკის შესაბამის ფორმულას), დროულად უნდა მიეცეს დამატებითი საკვები, ყოველდღიურად უნდა ასეირნებდნენ სუფთა ჰაერზე, უტარებდნენ გამაკაჟებელ პროცედურებს, ვარჯიშებს ასაკის შესაბამისად. მნიშვნელოვანია ბავშვმა მიიღოს საპროფილაქტიკოდ ვიტამინი D. მედიკამენტის დოზა და მიღების წესი ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს პედიატრმა.
როგორც უკვე გესაუბრეთ, D ვიტამინის როლზე ადამიანის ორგანიზმში, თავადაც მიხვდებით, რომ ზოგადად D ვიტამინი აუცილებელია, არა მხოლოდ ჩვილობის ასაკში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე.
ახლა, თქვენის ნებართვით ორიოდე სიტყვით შევჩერდები ისეთ გართულებაზე, როგორიცაა D ჰიპერვიტამინოზი. ზოგჯერ დედებს რა ინფორმაციაც აქვთ D ვიტამინის ნაკლებობის შედეგად გამოწვეულ რაქიტის შესახებ, ცდილობენ პატარას მიაღებინონ აღნიშნული ვიტამინი, ხშირად ექიმის დანიშნულების გარეშეც. ასეთ შემთხვევაში დედამ ადვილი შესაძლებელია, ვერ განსაზღვროს ოპტიმალური დოზა მისი პატარასთვის, დაეყრდნოს მხოლოდ ანოტაციაში მითითებულ ინფორმაცაის და ბავშვმა მიიღოს მედიკამენტის ჭარბი დოზა და განვითარდეს D ჰიპერვიტამინოზი. ვიტამინი D-ს ზედმეტი დოზები აზიანებს ენდოკრინულ, კერძოდ ფარისებრ, ფარისებრახლო და მკერდუკანა ჯირკვლებს. კალციუმი ლაგდება ყველა ორგანოში და არღვევს მათ ფუნქციას. D ჰიპერვიტამინოზის შორეული შედეგებია თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კალციუმის ჩალაგების გამო) მკერდუკანა (თიმუსის) და პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა,  იმუნიტეტის დაქვეითება, შემდგომში მეორადი ბაქტერიული ინფექციების (პნევმონის, პიელონეფრიტი) განვითარებით. თუ პატარას დედის მიერ ანოტაციით შერჩეული დოზით, ვიტამინი D-ს მიღების პროცესში გამოუვლინდება მადის დაქვეითება, შესაძლებელია, სრულ უმადობამდე მივიდეს. პირღებინება, წყურვილი, ძილიანობა, მოდუნება, დეფეკაციის დარღვევები, დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობით. მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პედიატრს შესაბამისი კვლევისა და საჭირო მკურნალობისთვის. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური