Baby Bag

„პაციენტებში შეიძლება იყოს ყნოსვითი ჰალუცინაციები, ცრუ შეგრძნებები, რომ თითქოს რაღაც სუნი გვცემს,“ - ექიმი გიორგი ღოღობერიძე

„პაციენტებში შეიძლება იყოს ყნოსვითი ჰალუცინაციები, ცრუ შეგრძნებები, რომ თითქოს რაღაც სუნი გვცემს,“ - ექიმი გიორგი ღოღობერიძე

​ექიმი გიორგი ღოღობერიძე კოვიდ-19-ით ინფიცირებულებში ყნოსვის დაქვეითების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს სიმპტომი სხვა ვირუსულ ინფექციებსაც ახასიათებს:

„ყნოსვის დაქვეითება ბევრი ვირუსული ინფექციისთვის არის დამახასიათებელი. კოვიდის შემთხვევაში​ ეს ნიშანი ბოლო დროს გახდა აქტუალური. პაციენტთა დიდ ნაწილში ყნოსვის აღდგენა ხდება ორ კვირაში, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ყნოსვა არ აღდგეს რამდენიმე თვის ან ერთი წლის განმავლობაშიც კი. ყნოსვის დაკარგვა პაციენტთა ნაწილში, შესაძლოა, გამოვლინდეს ცხელების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ნაწილში შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიწურულს. იყვნენ ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სხვა სიმპტომები არ ჰქონიათ, მათ დაკარგეს ყნოსვა და დაუდასტურდათ კოვიდი.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, შესაძლოა, პაციენტებს ყნოსვითი ჰალუცინაციები აღენიშნებოდეთ:

„შესაძლოა, ყნოსვის აღდგენის პირველ დღეებში ყნოსვა იყოს დარღვეული ხასიათის და ადამიანი სუნს აღიქვამდეს სხვანაირად. შეიძლება იყოს ე.წ. ყნოსვითი ჰალუცინაციები, რადგან ნეიროეპითელიუმი დაზიანებულია და ორგანიზმი ცდილობს აღდგენას. შეიძლება იყოს ცრუ შეგრძნებები, რომ თითქოს ჩვენ რაღაც სუნი გვცემს. დიდი ალბათობით, გემოვნების დაქვეითება უნდა იყოს შეუღლებული ყნოსვის დაქვეითებასთან. როდესაც პაციენტი ვერ გრძნობს სუნს, თავისთავად მას უქვეითდება გემოს აღქმა. როდესაც ყნოსვა აღდგება, გემოც ასევე ბრუნდება.“

​გიორგი ღოღობერიძე იმ მეთოდების შესახებ საუბრობს, რომლებიც ყნოსვის აღსადგენად, შესაძლოა, ეფექტიანი აღმოჩნდეს:

„დაიწყო კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ აღადგინონ ყნოსვა რაც შეიძლება დროულად. თავიდან მოწოდებული იყო, რომ გამოეყენებინათ A ვიტამინის ინტრანაზალური ინექციები, იყო მოწოდება, რომ გამოგვეყენებინა ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები. მათ ფონზე ყნოსვა უფრო სწრაფად დაბრუნდებოდა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. ყველაზე დამაიმედებელია ყნოსვითი​ ვარჯიშები. პაციენტმა უნდა აიღოს ოთხი სხვადასხვა სურნელი. როგორც წესი, ეს არის ლიმონი, ვარდი, ევკალიპტი და მიხაკი. თითოეულის გამონაწურისგან მან უნდა დაამზადოს ექსტრაქტი. შემდეგ ექსტრაქტის სუნი მან დილით და საღამოს, დღეში ორჯერ უნდა ჩაიყნოსოს 10-15 წამის განმავლობაში, ჯერ ლიმონი, მერე ვარდი და ა.შ. შესუნთქვის დროს პაციენტმა უნდა წარმოიდგინოს პროდუქტის დამახასიათებელი სუნი.“

„რატომ ტარდება მსგავის ვარჯიშები? თუ ადამიანს კუნთები არ აქვს, რას აკეთებს? ის ვარჯიშობს, რომ კუნთოვანი მასა გაიზარდოს. თუ ყნოსვა გვიქვეითდება, ვცდილობთ, რომ ვავარჯიშოთ ყნოსვის რეცეპტორები, რომ ახალი ქსოვილის ფორმირება მოხდეს და მის ხარჯზე აღვიდგინოს ყნოსვა. რატომ მაინცდამაინც ვარდი ან ევკალიპტი? ეს არის ესენციური ზეთები. მათთვის უფრო სპეციფიკური სუნია დამახასიათებელი. შეიძლება სპირტის, სუნამოს, ნიშადურის გამოყენებაც, მაგრამ ესენი შეიცავენ ალკოჰოლს. შეიძლება ამან გამოიწიოს თრობა. ​ჩვენ მათ არ ვუწევთ რეკომენდაციას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი დახმარებით არ შეიძლება მოხდეს ყნოსვის აღდგენა,“ - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა'' - გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებ...
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეხმძიმობისას ვიტამინების მიღებაზე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: ,,დღეს საკმაოდ უცნაური ზარი შემოვიდა, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი მიყვებოდა, რომ ის A, C და D ვ...