მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„ჩვილს ძილის დროს ბალიში არ სჭირდება, ეს ეხება რბილ სათამაშოებსაც“ - პედიატრი ნანა საპანაძე ბავშვის საწოლის ე.წ. გამოსაკრავებზე
ხშირად მშობლები ჩვილის საწოლის გასაფორმებლად იყენებენსხვადასხვა ნივთს, ე.წ გამოსაკრავებს (ბალიში, სათამაშო და სხვა), რამაც შესაძლოა, დიდი საფრთხე შეუქმნას პატარას სიცოცხლეს. ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მძინარე ბავშვმა მოძრაობა დაიწყო და საბანში გახვეულმა ვერ გაითავისუფლა თავი. საბედნიეროდ, დედამ გაიგო ტირილის ხმა და შევიდა ოთახში. როგორც ჩანს, ბალიშები და საბანიც საფრთხის შემცველია, როდესაც ბავშვი მუდმივი ყურადღების ქვეშ არ იმყოფება. პედიატრების რეკომენდაციით, ბალიში არ უნდა გამოვიყენოთ ბავშვის საწოლის მოსართვად. ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნანა საპანაძე.
„ვიდრე გავრცელებული ვიდეოს შესახებ გავაკეთებდე კომენტარს, რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო, ზოგადად, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს და კონკრეტულად, უსაფრთხო საწოლს. საწოლი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია ბავშვისთვის და მშობლისთვისაც. დაბადებიდანვე ბავშვს ძილისა და დასვენების ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ესაჭიროება საკუთარი მიკროგარემო, კერძოდ, საწოლი. აქვე აღვნიშნავ, რომ სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ბავშვს უნდა ეძინოს თქვენს ოთახში და არა თქვენს საწოლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. (ღამე ბავშვი თქვენს ოთახში შეიძლება წლის შემდეგაც იძინებდეს, მაგრამ აუცილებლად თავის საწოლში და კატეგორიულად, არა თქვენს საწოლში) .
დიზაინისა და ფორმისგან დამოუკიდებლად ყველა საწოლს, რომელიც გათვლილია ბავშვის ზრდის შესაბამისი ტრანსფორმირებისთვის, უნდა ჰქონდეს ფსკერის რეგულირების შესაძლებლობა, მაღალი ფსკერიდან მაქსიმალურად დაბალ დონეზე რეგულირებისთვის. რადგანაც ახალშობილი უფრო მოხერხებულია მაღალი ფსკერით საწოლზე, ხოლო, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად წამოჯდომა და მოაჯირებზე დაყრდნობით ფეხზე დადგომა, მაღალი ფსკერით საწოლი უკვე ერთობ სახიფათოა. რადგანაც საწოლი შეირჩევა იმ გათვლით, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად რამდენიმე წელი მაინც არ იყოს საჭირო მისი შეცვლა, საწოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძირის ტრანსფორმირების ფუნქცია. საწოლის ზედაპირი უნდა იყოს აუცილებლად მყარი , ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საწოლის დამცავი კედლის ხარიხებს შორის არ იყოს ფართო მანძილი, რათა პატარას თავი არ გამოეტიოს. ასევე, არ უნდა იყოს დიდი მანძილი საწოლის გვერდებსა და მატრასს შორის. ყოველივე ეს აუცილებელია ბავშვის უსაფრთხოებისთვის.“
- ქალბატონო ნანა, ვიცით, რომ ბავშვის საწოლი ბევრი ნივთით არ უნდა იყოს გადატვირთული. რამდენად მიზანშეწონილია ბალიშებით საწოლის გაფორმება?
- რაც შეეხება, საწოლის გაფორმებას ბალიშებით, სათამაშოებით, მცირე ასაკის ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი საწოლში რბილი სათამაშოების დატოვება. ასევე, სიფრთხილით უნდა დავამაგროთ გვერდზე ე.წ. ბამპერები. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ისინი საერთოდ არაა საჭირო, ხოლო შემდეგ თუ მშობელს ძალიან უნდა საწოლის გვერდები დაიცვას, ბალიში-ბამპერები ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული გვერდებზე და ხშირად შემოწმდეს მათი მიმაგრების ხარისხი, ვინაიდან მოძრობის შემთხვევაში ისინი დაცვის ნაცვლად საფრთხეს შეუქმნიან ჩვილს.
ჩვილი ასაკის ბავშვს ძილის დროს ბალიში არ სჭირდება, ეს ეხება რბილ სათამაშოებსაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატარას ძილის დროს მის საწოლში დავტოვოთ რბილი სათამაშოები, რადგან ეს შეიძლება სასუნთქი გზების დახშვის მიზეზი გახდეს. თუ ბავშვი მიჩვეულია სათამაშოთი დაძინებას, მხოლოდ ერთი სათამაშო უნდა დავუტოვოთ და ძილის დროს მოვაცილოთ, ან ხშირად ვაკონტროლოთ ამ სათამაშოს მდებარეობა საწოლში.
ზოგჯერ მშობლები ძილის პოზიციონერებს ყიდულობენ, მათ საყურადრებოდ მინდა ვთქვა: თუ პატარას დამოუკიდებლად შეუძლია გადაბრუნება საწოლში პოზიციონერის ამობურცული გვერდები მას მოძრაობაში ხელს შეუშლის და შესაძლოა, ადვილად დაახშოს მისი სასუნთქი გზები.
- როგორც ჩანს, საბანი და პლედიც საფრთხის შემცველია, თუ დროებით უყურადღებოდ დავტოვებთ. რითი შეიძლება შევცვალოთ?
- უმჯობესია თუ მშობლები ტრადიციული საბნის ნაცვლად ე.წ. ჩასაცმელ საბანს გამოიყენებენ. მისი შემთხვევით თავზე წამოხურება და სასუნთქი გზების დახშობა გამორიცხულია. თუ გადასაფარებელ საბანს იყენებენ, ამ საბნის გვერდები კარგად უნდა დააფიქსირონ მატრასის ქვეშ, რათა პატარამ ვერ შეძლოს ჯერ საბნის გადახდა, ხოლო შემდეგ მისი თავზე გადაფარება და სასუნთქი გზების დახშობა.
და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი - არ შეიძლება ძილის დროს პატარას დიდხანს უყურადღებოდ დატოვება.
„რაც შეეხება, გავრცელებულ ვიდეოს, თუ დააკვირდებით კონკრეტულ შემთხვევაში ყველა ის პირობაა დარღვეული, რაზეც მე ახლა გესაუბრეთ, ამიტომ კომენტარს აღარ გავაკეთებ და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია“.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF