Baby Bag

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს

როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს - აღნიშნულ კითხვას ​პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს.

გთავაზობთ პედიატრის პასუხს სიტყვა-სიტყვით:

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კბილების გამოხეხვა პატარას მაშინ უნდა დააწყებინოთ, როცა ის თავად შესძლებს ამას და კბილის პასტას არ ჩაყლაპავს, ცდებით.

კბილების მოვლა მაშინ იწყება, როცა პირველი კბილი ამოჰყოფს თავის დაკბილულ კიდეს და გაგახარებთ.პირველი კბილები სველი რბილი ნაჭრით გაწმინდეთ დილა-საღამოს.

ნუ გამოიყენებთ ამ მიზნით მარლის ნაჭერს, რადგან ღრძილზე შემთხვევით უხეში შეხებისას შეიძლება ღრძილების ნაზი ლორწოვანი გარსი დააზიანოთ.

მოსახერეხებელია სილიკონის რბილი ჯაგრისების გამოყენებაც, რომელიც საჩვენებელ თითზე უნდა წამოიცვათ და ფრთხილად გახეხოთ კბილები.

18-24 თვიდან შეგიძილიათ გამოიყენოთ სპეციალური საბავშვო პასტაც, რომლის გადაყლაპვა ბავშვისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ბავშვის ჯაგრისი ცალკე უნდა შეინახოთ. თუ მას ოჯახის წევრების ჯაგრისებთან ერთად მოათავსებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პატარას ჯაგრისს სხვა ჯაგრისები არ ეხება.

ჯაგრისი 3 თვეში ერთხელ შეცვალეთ.

გახსოვდეთ, კარიესი მხოლოდ ჰიგიენის დარღვევის გამო არ ვითარდება, კბილის მთლიანობს დარღვევაზე გავლენა ახდენს ასევე კვების ტიპი, კბილის სტრუქტურაზე მოქმედი ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტი, დაავადებები.

2 წლისათვის პატარას უკვე 20 კბილი უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ, ჩაეწეროთ პირველი პროფილაქტიკური შემოწმებისათვის ბავშვთა სტომატოლოგთან!“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის ბრტყელტერფიანობა და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

რა არის ბრტყელტერფიანობა და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?
რა არის ბრტყელტერფიანობა და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს? - ამ თემაზე​ MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფიზიკური განვითარებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნუკრი მიქელაძე.
- ზოგადად, რა არის ბრტყელტერფიანობა და რამდენად ხშირია ბავშვებში?
- ბრტყელტერფიანობა გამოწვეულია ე.წ. ტერფის ძვლების არასტანდარტული განლაგების გამო. აბსოლუტურად ყველა ბავშვი იბადება ბრტყელი ტერფით, მაგრამ 2-3 წლის ასაკში მათ უმეტესობას გამოეკვეთება თაღი, ხოლო 1-2%-ს რჩება ბრტყელი ტერფი. რაც შეეხება სიხშირეს, ძალიან იშვიათია და 100-დან 1 ან 2 ბავშვი შეიძლება იყოს ბრტყელტერფიანი, თუმცა აღსანიშნავია, რომ აქ არ არის საუბარი ტერფის ვალგუსურ დეფორმაციაზე, რომელიც სხვა მიზეზების გამოა გამოწვეული.
- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ბრტყელტერფიანობას?
- როდესაც ბავშვი იბადება ბრტყელი ტერფით, მშობლები ძალიან წუხდებიან და ყიდულობენ ორთოპედიულ მყარ ფეხსაცმელს, აცმევენ 1.5-2 წლის ასაკში და ჰგონიათ, რომ ბავშვს გამოეკვეთება თაღი და დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში. საბოლოოდ, მივდივართ ცუდ შედეგამდე, ვინაიდან ბავშვი იზღუდება ამ ფეხსაცმელში და არ აქვს ფეხის მოდრეკის საშუალება. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ამით ბრტყელტერფიანობა მოგვარდება, რაც მცდარია, რადგან თუ დავიბადეთ ბრტყელტერფიანები, ეს დაგვრჩება მთელი ცხოვრება და უმჯობესია, არ შევეხოთ. ბავშვმა მაქსიმალურად უნდა შეიგრძნოს სხვადასხვა ზედაპირი მისი სენსორული მგრძნობელობის განვითარებისთვის.
თუ ბავშვი ფიზიკურად კარგად არის განვითარებული ბრტყელტერფიანობა მას პრობლემას არ შეუქმნის, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს: დაღლილობის შეგრძნება და ტკივილი. თავიდან უნდა ავირიდოთ ხანგრძლივი დგომა, ზეწოლა ტერფებზე, ისეთი სამსახური, სადაც გვიწევს მთელი დღის მანძილზე დგომა. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც გადავიღლებით 5-10 წუთი დავასვენოთ ტერფები, გავიხადოთ ფეხსაცმელი და გავაკეთოთ ვარჯიშები. ძალიან დადებითად მოქმედებს ფეხშიშველი სიარული უსწორმასწორო ზედაპირზე-ქვიშაზე, კენჭებზე, ან თუნდაც სახლის პირობებში, იმიტირებულ უსწორმასწორო ზედაპირზე.
- როდესაც ბავშვი ბრტყელტერფიანია ეს მშობლისთვის მარტივად შესამჩნევია?
- თუ მშობელი მინიმალურად ჩახედულია მედიცინაში და ნანახი აქვს, თუნდაც ფოტოებში, როგორ გამოიყურება ბრტყელი ტერფი, შესაძლებელია დაასკვნას, რომ მის შვილს აქვს ეს პრობლემა, თუმცა თუ არ არის გარკვეული, უმჯობესია ორთოპედ-ტრავმატოლოგთან ან ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტთან გაიაროს კონსულტაცია.
- ხშირად მშობლები ექიმის გარეშე აცვამენ ბავშვს ორთოპედიულ ფეხსაცმელს. ეს რამდენად მიზანშეწონილია?
- არ არის მიზანშეწონილი. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ბრტყელტერფიანობაზე ბავშვს ეცვას ორთოპედიული ფეხსაცმელი. როგორც უკვე გითხარით, ნებისმიერი შეზღუდვა პატარას დაუზიანებს ტერფებს. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენებას ვემხრობი მხოლოდ 12 წლის ზევით ასაკში, თუ გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს ბავშვი შესაძლებელია გამოიყენოს რბილი და დრეკადი ფეხსაცმელი, რომელიც მას კომფორტულად აგრძნობინებს თავს. ორთოპედიულ ფეხსაცმელს აქვს თავისი დანიშნულება და ძალიან იშვიათად გამოიყენება, ისეთ შემთხვევებში, როგორებიცაა: ტერფმრუდობა, ცერებრალური დამბლა და ა.შ.
- არსებობს თუ არა შეძენილი ბრტყელტერფიანობა?

- თუ ჩვენ ვსაუბრობთ გენეტიკურ ბრტყელტერფიანობაზე და არა ვალგუსურ დეფორმაციაზე, ამ შემთხვევაში შეძენილი ბრტყელტერფიანობა არ არსებობს და ეს არის თანდაყოლილი. ხოლო, თუ საუბარია ვალგუსურ დეფორმაციაზე, ის შეიძლება იყოს შეძენილი გარკვეული მიზეზების გამო.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

წაიკითხეთ სრულად