Baby Bag

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

10 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენი შვილის მასწავლებელს

სკოლა ბავშვისთვის მეორე სახლია. ეს ის ადგილია, სადაც სახლის მერე ყველაზე მეტ დროს ატარებს. თუ დავთვლით, ადამიანი თავისი ცხოვრების 16 000 საათს სკოლაში ატარებს. სკოლაში ბავშვები არა მარტო სწავლობენ, არამედ მშობლებისაგან დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ეჩვევიან და პიროვნებებად ყალიბდებიან. 

თუ გაინტერესებთ, რას აკეთებს, როგორ სწავლობს და ვითარდება თქვენი შვილი სკოლაში, მაშინ დაუსვით მის მასწავლებელს ეს 10 კითხვა:

1. როგორი პროგრესი აქვს ბავშვს სწავლის მხრივ?

2. რა მხრივ სჭირდება უფრო მეტად ხელის შეწყობა, რომ უკეთესი წინსვლა ჰქონდეს?

3. როგორია სკოლაში მისი ემოციური მდგომარეობა?

4. არის თუ არა ბულინგის მსხვერპლი?

5. როგორია მისი მორალური განვითარება?

6. რომელია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

7. როგორ შემიძლია დაგეხმაროთ თქვენ, ჩემი შვილის მასწავლებლებს?

8. როგორ შეიძლება დავეხმაროთ შვილს სწავლის პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების დროს?

9. რომელი სფერო უფრო მეტად აინტერესებს, რითი დავაკავოთ სახლში ბავშვები - ხატვით, სპორტით...?

10. რა შედეგებს უნდა ველოდო ჩემი შვილისგან სასწავლო წლის ბოლოს?

მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა დადებითად აისახება ბავშვების განვითარებაზე. 

მომზადებულია moms.com-ის მიერ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ყურის ანთებითი დაავადებების გამომწვევი მიზეზებისა და იმ გართულებების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ხშირად მშობლების უნებლიე შეცდომები იწვევს:

„ყურის ანთება შეიძლება იყოს როგორც ​ვირუსული ეტიოლოგიის, ასევე ბაქტერიული და სოკოვანი ეტიოლოგიის. ის, პირველ რიგში, უკავშირდება იმ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, რაც ადრეული ასაკის ბავშვებს გააჩნიათ. მათ გარეთა სასმენ მილში უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ხრტილოვანი და კანქვეშა ქსოვილი, რის გამოც აქ არ არის დამცველობითი ჯირკვლები, არ არის თმიანი საფარველი. შესაბამისად, ვერ ხდება მიკრობების გამოდენა. შუა ყურში არის ევსტახის მილი. დიდი რაოდენობით არის მომარაგებული სისხლძარღვებით ეს მილი ადრეული ასაკის ბავშვებში, შესაბამისად სხვადასხვა ვირუსული ინფექციების ან თანდართული ბაქტერიული ინფექციების დროს მეტი ალბათობაა შუა ყურის ოტიტის განვითარების. ხშირად არის დაფის აპკის ანთება. ექიმმა უნდა განაცალკევოს, ყურის ტკივილი გვაქვს თუ ანთება.“

​თემურ მიქელაძის თქმით, ყურის სხვადასხვა დაავადების გამომწვევად ზოგჯერ, შესაძლოა, არახელსაყრელი გარემო პირობებიც იქცეს:

„გარეთა სასმენ მილში ისედაც მდებარეობს სხვადასხვა პირობით პათოგენური ფლორა. საკმარისია რაღაც არახელსაყრელი პირობები, მაგალითად, ზედმეტი ტენიანობა, სიმშრალე, ამ დროს დამცველობითი ფუნქცია ქვეითდება. ძალიან ხშირად ბავშვები სხვადასხვა ჩხირით იზიანებენ ყურს. მშობლებს ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ყურის საწმენდი ჩხირების გამოყენება. სასურველია გამოვიყენოთ ისეთი ჩხირი, რომელსაც აქვს თავისი დამცველი ზედაპირი, ანუ ის არ შედის უშუალოდ ღრმად, მხოლოდ ზედაპირულად უნდა დავამუშაოთ. როგორც მოგეხსენებათ, გოგირდი არის დამცველობითი და ის ამ გოგირდით იშორებს მიკრობებს. ზედმეტი ჩხირების გამოყენებით ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ გოგირდის საცობი და თვითონ საცობმა შეუწყოს ხელი მეორადად ბაქტერიული ინფექციის გავრცელებას. სწორედ ამ დროს ვითარდება ხოლმე სოკოვანი გარეთა ოტიტები, ბაქტერიული გარეთა ოტიტები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში.“

„მშობლები საკმაოდ ხშირად აწვეთებენ თვითნებურად სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ამ დროს ექიმს არ აქვს დიფერენცირებული, შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს შუა ყურის ანთება. ამ დროს შეიძლება მოხდეს დაფის აპკის გახსნა. ამ ტკივილგამაყუჩებლებმა, ​შესაძლოა, გამოიწვიოს დაავადების გართულება.ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ექიმთან მისვლამდე ასაკობრივი დოზის გათვალისწინებით მიიღონ პეროლარული მოქმედების ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი და შემდგომ მიმართონ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად