Baby Bag

„ამ ქვეყანაში განათლებაში კოლოსალური თანხის გადახდა არ ღირს...ამბავი იმისა, თუ როგორ ,,მომპარა“ კავკასიის უნივერსიტეტმა ,,გრედუეიშენი"

„ამ ქვეყანაში განათლებაში კოლოსალური თანხის გადახდა არ ღირს...ამბავი იმისა, თუ როგორ ,,მომპარა“ კავკასიის უნივერსიტეტმა ,,გრედუეიშენი"
„ამბავი იმისა, თუ როგორ ,,მომპარა“ კავკასიის უნივერსიტეტმა ,,გრედუეიშენი" (დიპლომების გადაცემის ცერემონიალი) 👩 🎓

ძალიან მაწუხებს ასეთი ამბების დროს სიჩუმე - მგონია, რომ უსამართლობას ვუწყობ ხელს.

პოსტს ვწერ დაგვიანებით - უპირველესად, იმიტომ რომ არ მინდოდა ეს დღე იმ ხალხისთვის ჩამემწარებინა (ნუ, რაღაც დოზით მაინც), ვინც წავიდა ამ ღონისძიებაზე.

--------

შორიდან ყველაფერი ლამაზად არის შეფუთული, უნივერსიტეტის პრეზიდენტის - კახა შენგელიას სიტყვებიც საკმაოდ დიდი ემოციებით იყო გაჟღენთილი. არადა, სწორედ მისი დამსახურებით (და არამარტო), სტუდენტების ნაწილი ვერ/არ ესწრებოდა ღონისძიებას და რატომ: 👇🏾

💰 კავკასიის უნივერსიტეტის ,,გრედუეშენის" ღირებულება 390 ლარით განისაზღვრა. ღონისძიება ორ ნაწილად დაყვეს - პირვეელ დღეს დიპლომების გადაცემა, ქუდების აყრა დაიგეგმა და ა.შ. მეორე დღეს - After Party (წვეულება).

დამამთავრებელი კურსის არაერთმა სტუდენტში გამოითქვა პროტესტი, რადგან, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი ვერ ახერხებდა ღონისძიებებზე წამოსვლას.

არადა, დამეთანხმებით, რომ არცერთი სტუდენტი არაა იმის ღირსი, ამ დღეს თავის კურსელებთან ერთად არ იყოს და სიხარულს მათთან ერთად არ იზიარებდეს .

👉🏾 ჩვენი მხრიდან გაჩნდა შეთავაზება და თხოვნა, რომ უნივერსიტეტს ეს ორი ღონისძიება ფინანსურადაც დაეყო - შესაბამისად, სტუდენტები უფრო შეძლებდნენ იმ დაყოფილი თანხის მოძიებასაც და არავინ არ დააკლდებოდა პირველ დღეს.

ჩვენი შეთავაზება უფრო გასაგებად რომ ავხსნა: ⤵️

როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, მათ თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღეს მეორე დღის წვეულების დაფინანსება. შესაბამისად, საკმაოდ ლოგიკურიც იყო თხოვნა, რომ უფრო მართებული იქნებოდა, დაფინანსებულიყო ღონისძიების პირველი (ქუდები, მანტია, დიპლომის გადაცემა) და არა მეორე დღე. რაც უკვე წვეულებას შეეხება, ამ ხარჯის დაფარვა ნებაყოფილობითი უნდა ყოფილიყო და იმის მიხედვით წამოვიდოდნენ სტუდენტები, თუ როგორი შესაძლებლობა ექნებოდათ.

ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველ დღეს ალბათ ყველა წამოვიდოდა და ორივე დღეს ის სტუდენტები დაესწრებოდნენ, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა ან სურვილი ექნებოდათ.

როგორც გვითხრეს, ეს იწვევდა არეულობას და ვერაფერს ვერ შეცვლიდნენ. გარდა ამისა, ეს ყოფილა უნივერსიტეტის პრაქტიკა წლების განმავლობაში და ამას უნდა შევგუებოდით. ხო, მაგრამ - ეს ყველაფერი გარკეულ არეულობასაც რომ იწვევდეს, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტი ხომ უნდა იყოს სტუდენტი?

მოკლედ, შესაბამის დეპარტამენტთან თითქმის ერთთვიანი უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ, სხვა გზა რომ არ დარჩა, გადავწყვიტე, პრეზიდენტისთვის - კახა შენგელიასთვის დამერეკა. ვიფიქრე, ალბათ არ იცის პრობლემის შესახებ, ავუხსნი და ყველაფერი დალაგდება.

იცით, რა მითხრა ბატონმა პრეზიდენტმა? - ხომ იცით, სადაც სწავლობთ ან აბარებდითო? ( ანუ ფინანსურ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი) და თუ ასე ძალიან გსურთ წამოსვლა - ისესხეთ თანხა და წამოდითო.

ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ,,კლასობრივი“ უთანასწორობა.

❌ საქმე ისაა, რომ აქ თანხის ამბავს ძალიან სცილდება პრობლემა - იქნებ სტუდენტს სულ არ სურს მეორე დღის After Party-ზე წამოსვლა, მაგრამ ძალიან უნდა, პირველ დღეს დაესწროს? რატომ არ აქვს არჩევანის უფლება? რატომ უნდა იხდიდეს ფულს იმაში, რაზე წასვლაც არ სურს?

მეორეც - მე საერთოდ არ მქონია დიდი ფინანსური შესაძლებლობები, როცა აქ ჩავაბარე. დაფინანსებების გარეშე ვერანაირად ვერ გავწვდებოდი ორმაგ გადასახადს. ჩემნაირი ბევრია - ყველა არაა აქ ,,ფულიანი“ (გაგიკვრიდებათ და). ანუ თუ ფული არ გაქვს, აქ ჩაბარებაზე არც უნდა იოცნებო და პრეტენზიაც არაფერზე არ უნდა გქონდეს - ასე გამოვიდა.

მოკლედ, ჩვენმა ნაწილმა დაკარგა შესაძლებლობა, რომ სტუდენტობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დასწრებოდა და რატომ? - მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსური შესაძლებლობა ან ღონისძიების ორივე ნაწილზე დასწრების სურვილი არ ჰქონდა. ბევრმა ბოლო დღემდე იცადა და, საბოლოოდ, მაინც ჩარიცხა თანხა - მესმის მათი. რთულია, იმ დღეს იყო სხვაგან და ათვალიერებდე კურსელების ფოტოებს, თუ როგორ აღნიშნავენ უნივერსიტეტის დასრულებას.

მე პრინციპულად ვერ წავიდოდი იქ, სადაც უსამართლობის ამხელა შეგრძნება გამიჩნდა.

🙌🏽 ახლა მეორე ამბავი - კარგი, ამ ყველაფერზე ვერ წავედი, მაგრამ დიპლომი ხომ მინდა? ამაში 120 ლარი უნდა გადავიხადო დამატებით. როგორც უნივერსიტეტში ხსნიან, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ორი დიპლომი გადმოგვეცემა - აქედან ერთ-ერთი არის ჩარჩოში ჩასმული და შთამბეჭდავი. აქაც არაა არჩევანი. იხდი თანხას და იღებ ორივეს ან არ იხდი და რჩები დიპლომის გარეშე. ანუ არავის აინტერესებს, გინდა თუ არა ჩარჩოში ჩასმული დიპლომი. მითხარით, არ უნდა გქონდეს არჩევანის უფლება? ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ხომ ისედაც ,,იყიდის“ დიპლომებს?

კონტრარგუმენტი იქნება ის, რომ ეს უნივერსიტეტი კერძოა და რასაც უნდათ, იმას იზამენ. თუმცა, რამდენად ჩაჯდება ეს კონტრარგუმენტი პროფესიონალურ მიდგომებში - თქვენ განსაჯეთ.

ყველაფერთან ერთად, აუცილებლად დავამატებ, რომ სწავლის ღირებულება წელიწადში 4 950 ლარია და ამ თანხად არ ღირს აქ მიღებული განათლება (საუბარი მაქვს სტრატეგიული კომუნიკაციების/ Pღ სამაგისტრო პროგრამაზე - სხვა სასწავლო პროგრამებზე თავს ვერ დავდებ, არ ვიცი.). ეს მაინც რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. ბოლომდე არ გადავუსვამ ყველაფერს ხაზს და ვიტყვი, რომ აქ ყოფნა რამდენიმე საოცრად კარგ ლექტორად ნაწილობრივ მაინც ღირდა.

„ამ ქვეყანაში განათლებაში კოლოსალური თანხის გადახდა არ ღირს! ა-რა❗️“


პოსტს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ნატალია ჯალაღონია აქვეყნებს

შეიძლება დაინტერესდეთ

როდემდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება? - იხილეთ დოკუმენტი, რომელიც სკოლებს გადაეგზავნათ

როდემდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება? - იხილეთ დოკუმენტი, რომელიც სკოლებს გადაეგზავნათ

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანებით, რომელსაც მან ხელი 30 სექტემბერს მოაწერა, ოთხ დიდ ქალაქში VII-XII კლასელებისთვის 29 დეკემბრამდე სწავლა სრულად დისტანციურად გაგრძელდება.

აღნიშნულის შესაბამისი ბრძანება სკოლების დირექტორებს გაეგზავნათ. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 1-ლი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ჰიბრიდული მოდელი უნდა გამოიყენონ — I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით.

ბრძანების ზემოთ მოყვანილი ვადები არ ეხება თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის ზოგიერთ სკოლას. მათ დისტანციური სწავლება მხოლოდ გარკვეულ ვადებში უნდა განახორციელონ. კერძოდ:

ქალაქ თბილისის N69, N143, N154, N174, N2, N76, N145, N157, N168, N172, N179, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლები — დისტანციურ სწავლება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე იქნება, ხოლო ქალაქ თბილისის N26 საჯარო სკოლაში — 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 7 ოქტომბრამდე.

ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე, ხოლო ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაში, სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლაში — 2020 წლის 4 ოქტომბრამდე.

რაც შეეხება აჭარას, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე დისტანციურად უნდა წარიმართოს.

ბრძანებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრძანებაში, როგორც სამართლებრივ დოკუმენტში, ვადა პირობითადაა მითითებული და როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცვლილება დოკუმენტშიც შევა.

,,ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა გადადებულია. სამართლებრივად რაღაც ვადა უნდა ყოფილიყო მითითებული. როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეიცვლება ვადაც", — აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში. 

ინფორმაციას on.ge ავრცელებს. 

წაიკითხეთ სრულად