ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
მასწავლებლობის მაძიებელთა შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა
„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა.
შესაბამისი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს.
ცვლილების თანახმად, ბრძანებას დაემატა შემდეგი პუნქტები:
„მასწავლებლობის მაძიებელი, მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიან (ინტენსიურ) პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ, ამ პროგრამაზე რეგისტრაციიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული იგივე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს (გადავიდეს) მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე.
მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მასწავლებლობის მაძიებელი თავისუფლდება იმ აქტივობებისაგან, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიანი (ინტენსიური) პროგრამის ფარგლებში დადებითად არის შეფასებული.“ იხილეთ ბრძანება