Baby Bag

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ აქამდე ერთ ოთახში 20 ადამიანი იჯდა, ახლა ასე ვეღარ იქნება - ამირან გამყრელიძე სასწავლო პროცესის განახლებაზე

„თუ აქამდე ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში 20 ადამიანი იჯდა, ახლა ასე ვეღარ იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობენ სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც წარიმართება სასწავლო პროცესი.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა მანამდე, 15 სექტემბრამდე თვე-ნახევარია. ამიტომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ხაზს ვუსვამ, დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს სწავლის დასაწყებად არ არის პრობლემა. სწავლის დაწყება იქნება მობილობის გაზრდა ქვეყანაში. როდესაც ათასობით მოსწავლე და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ტრადიციულ სტილში. თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. აუცილებლად ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება ძირითადად - დერეფნებში, შესვენებებზე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად