მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა მოსაგვარებელია...“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. გთავაზობთ მინისტრის ერთ-ერთ განცხადებას სიტყვა-სიტყვით:
„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – მიხეილ ბატიაშვილი.