მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს საგანთან ერთად, კრიტიკულ აზროვნებასაც ასწავლის
27 წელია მაია ტყემალაძე საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ინგლისურის პედაგოგია.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამაში თავიდანვე ჩაერთო. იგი უწყვეტად ცდილობს მოსწავლეებს საგანთან ერთად, კრიტიკული აზროვნებაც ასწავლოს და ამ მიმართულებით სწორი ტექნიკის და მეთოდის შერჩევაში აღნიშნული პროგრამა დაეხმარა. პროგრამის საფუძველზე, მაია ტყემალაძემ შეისწავლა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს საჯარო მეტყველების მეთოდი საგაკვეთილო პროცესში.
სწორედ ამ მეთოდის დანერგვისთვის, მან ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირის საერთაშორისო კონკურსში 90 მონაწილეს შორის საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” მიზანია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით.
პროექტი გულისხმობს მე-7-მე-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლების, დირექტორებისა და პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების გადამზადებას.