მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა.
„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა," - აღნიშნა გამგზავრების წინ ლადო აფხაზავამ.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს, ქალაქ დუბაიში გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.