Baby Bag

4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

„​4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია,“ - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სისტემაში შემავალი ყველა შესაბამისი უწყების მიერ სკოლებში უზარმაზარი სამუშაოები განხორციელდა. შედეგად, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის.
ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი აწარმოებს როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ახალი სასწავლო წლისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე საქართველოს 100 საჯარო სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით (მერხები, სკამები, სასკოლო დაფები და სხვა). 60 საჯარო სკოლაში დამატებით მოეწყო სამედიცინო ოთახი, მალე კი, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით დამატებით 142 საჯარო სკოლა აღიჭურვება.
ასევე, საჭიროების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს 2 ეტაპად გადაეცემათ პროექტორები.
2021-2022 სასწავლო წლისთვის, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.
სამინისტროს ხელშეწყობით, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში წიგნებითა და რვეულებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა მობილობის გათვალისწინებით, სკოლების სახელმძღვანელოებით აღჭურვა გრძელდება.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულად დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც, მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.
დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას (ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%).
მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლე​ბის სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 



წაიკითხეთ სრულად