Baby Bag

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ინტერნეტვარსკვლავი ანდრეა ხალვაშის ვიდეომ, რომელშიც ის დაბადების დღის მისალოც სიმღერას სახალისო სტილით ასრულებს, სოციალური ქსელი დაიპყრო. ანდრეამ დედასთან თეა მალაყმაძესთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ცნობილი ვიდეოს გადაღების ისტორიაზე ისაუბრა:

„სიმღერის შესრულებისას კარგ ხასიათზე ვიყავი. ხმის ტემბრი ავწიე. ჩემთვის ვმღეროდი. მინდა,რომ პიანისტი და ფეხბურთელი გამოვიდე. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ბათუმში კვარაცხელიაა.“

„იმ პერიოდში მრავლად გვქონდა დაბადების დღეები და თავისთვის მღეროდა ხოლმე ხშირად. როდესაც ვცდილობ, რომ სიმღერის დროს გადავუღო, არ მაძლევს საშუალებას. ერთხელ მივეპარე და გადავუღე ჩუმად. ეშხში იყო შესული. მეორე წელია უკვე ანდრეა ფორტეპიანოს ეუფლება. სენაკის არტ-ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა საკმაოდ წარმატებით, დაჯილდოვდა კიდეც. რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად მოსწონს. ჩვენი TikTok ისტორიები ასე დაიწყო, რომ ვიღებდით ვიდეოებს, თუ გამოიცნობდა ხალხი მელოდიას. ჩვენთვის ერთ დღეში ბევრი რამ შეიცვალა,“- აღნიშნა თეა მალაყმაძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

წაიკითხეთ სრულად