Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორსულობა აახალგაზრდავებსო, არ არის ასე... ორსულობა არის ძალიან რთული პროცესი,“- მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

„ორსულობა აახალგაზრდავებსო, არ არის ასე... ორსულობა არის ძალიან რთული პროცესი,“- მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ქალის ორგანიზმზე ორსულობისა და მშობიარობის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ორსულობა არის ძალიან რთული პროცესი, ის იწვევს ქალის ორგანიზმში ძალიან ბევრ ცვლილებას. რაც უფრო ასაკში შედის ქალბატონი, მისთვის უფრო რთულად გადასატანია ის ფიზიოლოგიური ცვლილებები და აღდგენა უფრო უჭირს. რომ გითხრათ, 35 წლის შემდეგ გადასარევია ორსულობა და ქალს ოჰ, როგორ მოუხდა, არ არის მართალი. ორსულობა აახალგაზრდავებსო, არ არის ასე. მე ვსაუბრობ იმ სტატისტიკაზე და იმ სამედიცინო კვლევებზე, რომელიც არის გამოქვეყნებული. შეიძლება ვიღაც ქალბატონს ისე მოუხდა 50 წლის შემდეგ ორსულობა, რომ გაახალგაზრდავდა, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური შემთხვევა.

გვიან ორსულობებში ყველაზე ხშირია ორსულობით გამოწვეული წნევები. ვერ ასწრებს ორგანიზმი იმ ცვლილებების მიყოლას, რაც ხდება ორგანიზმში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სანამ მოხდება დაფეხმძიმება, ჩატარდეს სრული კვლევა. თუ ქალბატონს ისედაც მაღალი წნევა აქვს მის ასაკთან შედარებით, ამ ფონზე დაორსულება და დამატება პრეეკლამფსიის, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება ძალიან რთული. უპირობო პირობაა, რომ ორსულობისთვის ასაკში შესული ქალბატონები, აუცილებლად უნდა მიმართავდნენ ექიმს და გადიოდნენ კვლევებს, რომლებიც ორსულობის წინ არის ჩასატარებელი. აქ უფრო მეტი სპეციალისტია ჩასართავი.

ყველამ ვიცით, რომ კუნთების დრეკადობა, რომელიც გვქონდა 25 წლის ასაკში, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გექნება 40-45 წლის ასაკში. ძირითადი ორგანო, რომელიც მონაწილეობს მშობიარობაში, არის კუნთი. ცხადია, რომ მშობიარობა ასაკთან მიმართებაში უფრო რთულდება და მძიმდება. საკეისრო აქაც არ არის ჩვენება. ხშირად, როდესაც მაღალი წნევებია, გაცილებით სჯობს ქალბატონმა იმშობიაროს, ვიდრე საკეისრო გაუკეთდეს. ოპერაციიდან აღდგენისთვის ქალბატონებს უფრო დიდი ხანი სჭირდებათ, ვიდრე მშობიარობის შემდეგ,“- მოცემულ საკითხზე ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად