Baby Bag

„წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი შეკრულები არიან უკრაინელები, როგორ იცავენ თავიანთ ქვეყანას,“- ლალი კილაძე

„წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი შეკრულები არიან უკრაინელები, როგორ იცავენ თავიანთ ქვეყანას,“- ლალი კილაძე

ქართველმა ქალმა ლალი კილაძემ, რომელიც ომის დაწყებისას უკრაინაში იმყოფებოდა, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა:

„თურმე არ მცნობია აქამდე, თურმე როგორი გმირები არიან უკრაინელები, როგორ იცავენ თავიანთ ქვეყანას. დიდი მალდობა მინდა ვუთხრა ჩვენს საელჩოს. იმათი თანადგომით გადმოვედით საზღვარზე. 38 საათი ვიარეთ. გუშინ გვეძინა პირველად.“

დალი კილაძის თქმით, უკრაინის თითოეული მოქალაქე გმირულად იქცევა:

„ესენი არიან გმირები მართლა. თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე არის გმირი. 3-4 დღე ვიყავით ბუნკერში, რომელშიც არ გვიძინია, ბავშვებით, პატარებით, საშინელება იყო. რომ წამოვედით, 5-5 კილომეტრში ბარიკადები აქვთ აღმართული თვითონ მოსახლეობას. გამოსულია მთელი უკრაინა და იცავს თავის ქალაქს და სოფელს. წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი შეკრულები არიან. იარაღი ხომ ყველას დაურიგეს, მათ შორის ჩემს მეუღლეს.“

„ჩემი მეუღლე დავით სოლომონიშვილი, ვისაც ახლა კიევში აღარავინ აღარ ჰყავს, არის ჩემი გმირი, რომელიც ღამის პოსტზე დგას. იქ არავინ არ ჰყავს და დგას და იცავს ხალხს,“- აღნიშნულ საკითხზე ლალი კილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ დაღლილ დედას ან დაღლილ მამას არ ვუყვარვარ... დაღლილზეც შეიძლება, რომ სიყვარული გასცე,“- ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობელსა და ბავშვს შორის ინტერაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თუ მშობელი გასულია და მთელი დღე არ არის ბავშვთან, მე ვურჩევდი, რომ თუნდაც ტელეფონით ჰქონდეს ურთიერთობა, დაურეკოს, მოიკითხოს. ჩემი შვილი ხშირად ურეკავს მამას და სიგიჟემდე მიყვარხარო, ეუბნება. თვითონ აკეთებს ამას. მამაც, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს რომ მოისმენს შვილისგან, სულ რომ ჩაკეტილი ჰქონდეს გული, ეს ძალიან გაუხარდება. ბავშვი თუ მშობელთან ღიაა, მშობელიც სწავლობს მისგან ამ ღიაობას. ყველა ბავშვი ხომ მეტად თავისუფალია და ეს თავისუფლება, შეიძლება ბავშვისგან ისწავლოს მშობელმა.

რაც შეეხება თამაშის წესებს და რიტუალს, რაც უნდა დაღლილი მოვიდეს მშობელი სახლში, თუ ბავშვს იმ ემოციას გადასცემს, რომ მისი ნახვა გაუხარდა, ეს მნიშვნელოვანია. დაღლილმაც შეიძლება რაღაც ეთამაშოს ბავშვს, წამოწვეს და ითამაშონ. ბავშვები გიჟდებიან, როდესაც ვითომ აწვალებენ მშობელს თამაშ-თამაშით. მთავარია მათი ინტერაქცია და ურთიერთობა. არ არის აუცილებელი, ეს თამაში იყოს ის, რომ მაინდამაინც კუბიკები ააშენონ.

ბავშვის მთავარი ბაზისური მოთხოვნილება არის, რომ მიიღოს ყურადღება, აღიარონ. ამის გაკეთება არ არის რთული, როდესაც შენც გიხარია ბავშვის ნახვა. ბავშვის წესებით თამაშს რაც შეეხება, ეს ძალიან კარგია, რადგან ბავშვი გრძნობს, რომ ის მნიშვნელოვანია. დედა, მამა და ბავშვი ერთად - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი! ეს ბავშვისთვის იმხელა ძალის მიმცემია, როდესაც ამ მთლიანობას განიცდის ბავშვი. სხვანაირად ბედნიერები არიან ბავშვები, როდესაც ამ ერთობას გრძნობენ. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ დაღლილ დედას არ ვუყვარვარ, დაღლილ მამას არ ვუყვარვარ. დაღლილზეც შეიძლება, რომ სიყვარული გასცე,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად