Baby Bag

„ზნეობა და ეთიკა ამოღებულია დღეს ჩვენი ცნობიერებიდან, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრი ფასეულობა გამოირეცხა, გაფერმკრთალდა,“ - ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ზნეობა და ეთიკა ამოღებულია დღეს ჩვენი ცნობიერებიდან, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრი ფასეულობა გამოირეცხა, გაფერმკრთალდა,“ - ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემაში პირადი ექიმი ბავშვების ცუდი ქცევის მიზეზებსა და მოტივებზე საუბრობს:

„ქცევას ვერ დავარქმევდი ცუდს. უფრო ვიტყოდი, მისაღები თუ მიუღებელი ქცევა. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: ვისთვის რა არის მისაღები ქცევა? ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრი ფასეულობა გამოირეცხა, გაფერმკრთალდა, ფერი დაკარგა. ყველაფერი არის დასაშვები, ყველაფერი არის მისაღები, რაც მიზანს მიმაღწევინებს, რაც მიმიყვანს წარმატებამდე. წარმატებულ ადამიანებს აღარ ეკითხებიან ეს ცუდია, თუ კარგი. ეს არის კარგი, იმიტომ, რომ არის წარმატებული. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. შესაბამისად, ჩვენ ვსვამთ კითხვას, თუ რა არის ცუდი და მიუღებელი. მაგალითად, ქურდობა ცუდია? ღალატი ცუდია? ის, რომ ადამიანი პოლიციაში არ დარეკავს და გულგრილი დარჩება, ცუდია? უპასუხისმგებლობა და ბილწისტყვაობა ცუდია თუ კარგია? ვიღაცებისთვის კარგია. ცხოველების წამება ცუდია თუ კარგია? მეც შევსწრებივარ, როდესაც მოზრდილი ადამიანების წინ ბავშვები აწვალებენ ცხოველებს და მოზრდილები არ რეაგირებენ, ვარ მომსწრე, როდესაც ბავშვები ანაგვიანებენ გარემოს და მოზრდილი ადამიანები ამაზეც არ რეაგირებენ. ძალიან ბევრი ქცევის ჩამოთვლა შემიძლია, რომელზეც მოზრდილები არ რეაგირებენ, იმიტომ, რომ ისინი არ თვლიან, რომ ეს მიუღებელია ამ კონკრეტულ საზოგადოებაში.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვის ნეგატიურ ქცევაზე პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრებათ:

„ბავშვი ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ გვიყურებს. ბავშვის მთავარი ორიენტირი არის მისთვის მნიშვნელოვანი მოზრდილი, არა გამვლელი, არამედ ის, ვინც მისთვის ავტორიტეტია. მცირეწლოვან ასაკში ის ბაძავს ავტორიტეტს. ბავშვი ასე სწავლობს. მიბაძვა არის ის მთავარი უნარი, რომელზეც შენდება სხვა უნარები. ჩვენ ვართ სარკე. მახსენდება ერთი მაგალითი. ტრანსპორტში ბავშვმა ნაგავი დაყარა, დედა ამაზე არ რეაგირებდა. ან დაუკითხავად აიღო სხვისი ნივთი და დედა ისევ არ რეაგირებს. დღეს თუ შენ ამაზე არ რეაგირებ, ხვალ ასე ღიად დადებულ ნივთებს კი არა, სხვა ნივთებსაც აიღებს ბავშვი. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქურდობის მომენტი. ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ ყველა. მაშინ ქურდობად არ ითვლებოდა სამსახურიდან რაღაცების წამოღება, არავის ქონების მითვისება არ ითვლებოდა ქურდობად. 90-იანი წლებიდან დაინერგა ძალიან ცუდი მორალი, რომ მე მივითვისებ იმას, რაც სხვისია და მე მერქმევა ძლიერი, კარგი ტიპი, რაც მეტს მივითვისებ და მეტს წავართმევ.“

„ხანდახან მშობელს მოჰყავს ბავშვი და ამბობს, რა ეშველება ამ უბედურს, თავის დაცვა არ შეუძლია, ვერავის დაარტყამს, ასე ვერ იცხოვრებს ბავშვი ამ ქვეყანაშიო. ეს ცუდია თუ კარგია? ეს არის ჩვენი რეალობა. ზნეობა და ეთიკა ამოღებულია დღეს ჩვენი ცნობიერებიდან. გამართლებულია ის, რაც წარმატებულია. ეს მთელ მსოფლიოში ასეა, სამწუხაროდ. ადამიანის ეგზისტენცია ეთიკური ურთიერთობების გარეშე არ არსებობს. დღეს ჩვენ ვხედავთ ეთიკისგან გაშიშვლებას მედიაში, ადამიანურ ურთიერთობებში. მერე ჩვენ გვიკვირს, ეს ბავშვები ნეტავ ვის დაემსგავსნენო. გვიკვირს, რატომ არიან ასეთი გულგრილები, არ ითვალისწინებენ სხვა ადამიანს. ეს ჩვენი სარკეა, ეს ვართ ჩვენ, ჩვენ ჩავდეთ ეს ინვესტიცია. ინვესტიციას როგორც ჩადებ დღეს, შესაბამისად იმას მიიღებ ხვალ,“ - აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

ტელეწამყვანმა არჩილ სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მისი შვილი, პატარა სანი 1 წლის გახდა. არჩილ სოლოღაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო მას შვილის იუბილეზე სიხარულის შეგრძნების გამო რცხვენოდა:

„გუშინ სანი 1 წლის გახდა. უკვე დიდი ბიჭია და მე კიდე მრცხვენოდა, რომ მიხაროდა. მრცხვენოდა, რომ მავიწყდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც ამდენი უდანაშაულო ბავშვი იღუპება და ეწირება ნადირებთან ბრძოლას. ყველა ბავშვი იმსახურებს ნათელ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას.

მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცეთ და ბოდიში ვისაც ვერ გიპასუხეთ.

დიდება უკრაინას, დიდება გმირებს,”- წერს არჩილ სოლოღაშვილი.

წაიკითხეთ სრულად