Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

9 რჩევა ჩვილის მოვლის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს

9 რჩევა ჩვილის მოვლის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს

ბავშვის დაბადება უდიდეს სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაც არის. გამოუცდელი მშობლები ჩვილის მოვლისას ხშირად უშვებენ შეცდომებს. იმისთვის, რომ ბავშვს კომფორტული გარემო შეუქმნათ და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოთ, ყურადღებით გაეცანით ჩვილის მოვლის წესებს, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს.

1. მკაცრად განსაზღვრეთ ბავშვის გაღვიძების დრო

0-12 თვემდე ბავშვის გაღვიძების დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მისი ხარისხიანი ძილისთვის. ჩვილებს დღის განმავლობაში ძილისთვის 30-90 წუთიანი შუალედები უნდა განუსაზღვროთ. ეს ის დროა, რომელიც მას ხარისხიანი ძილისთვის სჭირდება.

2. საფენის გამოცვლისას გამოიყენეთ უსაფრთხო ხრიკები

როდესაც ბავშვს საფენს უცვლით, ის კი ხელებს აქტიურად ამოძრავებს და ხელს გიშლით, შეგიძლიათ ხელები მცირე ხნით ბოდეში მოუქციოთ. ამით ბავშვის ხელის ზედმეტ მოძრაობებს თავს დააღწევთ და საფენის გამოცვლას მშვიდად შეძლებთ.

3. ბანაობისას სველი პირსახოცის გამოყენება

ჩვილის ბანაობა ყველა მშობლისთვის რთული გამოცდილებაა. ბავშვი თბილად უნდა იყოს, მან კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. ჩვილებს ძალიან მოსწონთ ბანაობისას სველი პირსახოცის შემოხვევა, რაც მათ სითბოსა და მყუდროების განცდას უქმნის.

4. ატირებული ბავშვის დამშვიდება

ტირილი ჩვილის მთავარი საკომუნიკაციო ენაა. როდესაც ჩვილი ტირის, მას შია, ეძინება, ცხელა ან რაიმე აწუხებს. თუ ბავშვის დამშვიდებას ვერ ახერხებთ, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ ის ხელში აიყვანოთ, პირით იატაკისკენ მოაქციოთ, ხელები შემოხვიოთ და ზემოთ და ქვემონ ნელი მოძრაობით არწიოთ.

5. მეტეორიზმის პრობლემის დაძლევის გზა

ჩვილებს აირების დაგროვება ხშირად აწუხებთ. როდესაც ისინი ტირიან, მშობლები ძალიან ითრგუნებიან. აღნიშნული პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი გზა „იდაყვიდან-მუხლამდე“ ტექნიკაა. ბავშვი ზურგზე დააწვინეთ, ფეხებს ხელებით მიაწექით ისე, თითქოს ისინი ბავშვის მუცელს უნდა შეახოთ. შეინარჩუნეთ ეს პოზა მანამ, სანამ ბავშვი წინააღმდეგობას არ გაგიწევთ. ეს საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია ბავშვის დასამშვიდებლად.

6. მუცელზე სველი ხელსახოცის დადების ტექნიკა

საფენის გამოცვლისას ბავშვები მშობლებს ხშირად სიურპრიზს უწყობენ და სწორედ მაშინ შარდავენ, როდესაც მშობელი საფენის გამოცვლით არის დაკავებული. თუ გსურთ, რომ პატარამ მოულოდნელი „შხაპი“ არ მიგაღებინოთ, საფენის გამოცვლამდე მუცელზე სველი ხელსახოცი ნაზად დაადეთ. ცივი ტემპერატურა მას მოშარდვის სურვილს გაუჩენს და ბავშვი იქამდე მოშრდავს, ვიდრე მას საფენს გამოუცვლით.

7. ჩვილის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა

ჩვილის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა უმნიშვნელოვასია. ვიდრე ბავშვს ღრძილებს გაუსუფთავებთ, ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ. სუფთა ნაჭერი თბილი წყლით დაასველეთ და ბავშვს ენა და ღრძილები გაუწმინდეთ.

8. წყლის სიმაღლე ჩვილის ბანაობისას

ჩვილს ბანაობისას იდეალური პირობა უნდა შეუქმნათ. მას ძალიან უყვარს, როდესაც თავს ისე გრძნობს, თითქოს ისევ საშვილოსნოშია. წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს. თუ ბავშვი აბაზანაში ზის, წყალი მას წელამდე უნდა წვდებოდეს. ასე ჩვილი სხეულის იდეალურ ტემპერატურას მარტივად შეინარჩუნებს.

9. თეთრი ხმაური ბავშვის ძილის დროს

ჩვილებს თეთრი ხმაურის ფონზე უკეთ სძინავთ, ვიდრე აბსოლუტურ სიჩუმეში. თეთრ ხმაურში ჩვილებს უფრო სწრაფად და ტკბილად ეძინებათ, გარდა ამისა, ისინი უფრო იშვიათადაც ტირიან.

წყარო: ​brightside.me

წაიკითხეთ სრულად