Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო,“ - მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია

„საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო,“ - მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია

მეან-გინეკოლოგმა ნიკოლოზ კინტრაიამ ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობებზე ისაუბრა და არასაჭირო შემთხვევებში საკეისრო კვეთის გაკეთების მავნე მხარეებს გაუსვა ხაზი:

„საკეისრო კვეთა არის ოპერაცია, რომელსაც აქვს თავისი ჩვენება. საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო. ექიმი ვალდებულია სწორად აუხსნას, თუ რატომ უნდა იმშობიაროს ქალმა 12-16 საათის განმავლობაში, როდესაც 40 წუთში გაუკეთებენ ოპერაციას. აქ ეთიკური საკითხები წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე.“

ნიკოლოზ კინტრაიას თქმით, საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს ამ მიზეზით ნაკლოვანებები არ აქვთ:

„მინდა ზუსტად ვუთხრა ყველას, რომ თუ ვინმე საკეისრო კვეთით არის დაბადებული, არ ნიშნავს, რომ მას რაიმე ნაკლი აქვს. ის ადამიანი, ვინც ძალიან ნიჭიერია, საკეისრო კვეთით არის დაბადებული, წარმატებული მეცნიერია, კიდევ უფრო ნიჭიერი და წარმატებული იქნებოდა ფიზიოლოგიურად რომ დაბადებულიყო. ​ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ნაყოფი ემზადება დამოუკიდებლად სიცოცხლის დასაწყებად. პირველ დღეებსა და თვეებში სტრესის მიმართ ფიზიოლოგიური მშობიარობით დაბადებული ახალშობილები ბევრად უფრო გამძლეები არიან.“

„არსებობს მეცნიერული კვლევებით დადასტურებული მოსაზრებები, რომ სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის, აუტიზმის განვითარების რისკი საკეისრო კვეთით დაბადებულ ახალშობილებში უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი გზით დაბადებულ ახალშობილებში. წარმოიდგინეთ ექიმის პოზიცია. ექიმი, რომელმაც 16 საათი უნდა გაატაროს მშობიარესთან და ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე 40 წუთში გააკეთებს ოპერაციას, წავა სახლში, თავის საქმეს მიხედავს. ეს ადამიანი თავის ინტერესებს მაინც გვერდზე გადაწევს, ურჩევს მშობიარეს: „შენთან ერთად ვიქნები 18 საათის განმავლობაში, მაგრამ მოდი, ამ გზით წავიდეთ.“ იმიტომ, რომ ასე სჯობს ნაყოფისთვისაც, დედისთვისაც. პერინატალურ გამოსავალზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამდენად ჯანმრთელი ბავშვები დაიბადებიან, დედა რამდენად ჯანმრთელი იქნება,“ - აღნიშნულ საკითხზე ნიკოლოზ კინტრაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად