„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შეიქმნა
„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შემუშავდა.
გზამკვლევი - „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“ - საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. მასში აღწერილია სწავლა-სწავლების ზოგადი კონცეფციები და სტრატეგიები, მათ შორის, სწავლების უნივერსალური დიზაინი, სწავლა-სწავლების დიფერენციალური მიდგომა, მულტიმოდალური სწავლება, კეთებით სწავლება, სკაფოლდინგი, მოდელირება და ა.შ.
გზამკვლევი ასევე ითვალისწინებს კონკრეტული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების სტრატეგიებს. გზამკვლევში აღწერილი კონცეფციები, მიდგომები და სწავლა-სწავლების უმეტესი სტრატეგიები ზოგადად მოსწავლეებთანაც უნივერსალურად გამოყენებადია.