განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
„ჩვენი პრიორიტეტია შეიქმნას ქართული სკოლის მოდელი...“ - რას გულისხმობს განათლების რეფორმა
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლების რეფორმის შესახებ.
რეფორმის ფარგლებში 2022-23 წლისთვის საქართველოს სკოლებში ინფრასტრუქტურის კუთხით პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს:
„ყოველ წელს დაფინანსება 500 მილიონით გაიზრდება და სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს,“ - აღნიშნა მიხეილ ბაიტიაშვილმა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება, იქნება ეს ფინეთი, სინგაპური, კორეა და ა.შ. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი მოდელი, ჩვენ ეროვნულ ღირებულებებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე მორგებული. უნდა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ქართული რეალობა და სპეციფიკა", - დასძინა მინისტრმა.
კიდევ რას გულისხმობს განათლების რეფორმა? - დეტალები ნახეთ ვიდეოში.