„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
გაეცანით პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას, რომ გამოცდაზე შეცდომა არ დაუშვათ
გთავაზობთ პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას,რომ გამოცდაზე შეცდომა არ დაუშვათ.
პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი. თქვენ მიერ არჩეული პასუხი აღნიშნეთ X ნიშნით. მაგალითად, თუკი მე-3 საკითხის პასუხად აირჩიეთ B პასუხის ვარიანტი, მაშინ პასუხების ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-3 საკითხის დავალების რიგი და ამ რიგში, პასუხის (B) სვეტის შესატყვის უჯრაში დასვათ X ნიშანი. დასაშვებია, რომ X ნიშანი გამოსცდეს თეთრ უჯრას, მაგრამ იგი არ უნდა იყოს უჯრაზე მოკლე. თითოეული საკითხის შესაბამის რიგში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი, ანუ მხოლოდ ერთ უჯრაში დასვით X ნიშანი. თუ რიგში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ საკითხის არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება სწორად. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი, და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X ნიშნიან უჯრას აღიქვამს. ღია დავალებების შემთხვევაში პასუხების ფურცელზე, დავალების შესაბამისი ნომრის გასწვრივ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ჩაწერეთ თქვენი პასუხი. შესაძლებელია პასუხის გადასწორება (არასწორი პასუხის გადახაზვა და გვერდით სწორი პასუხის დაწერა). თქვენი პასუხი არ უნდა გასცდეს დავალებისათვის გამოყოფილ არეს. პასუხების ფურცლის ნიმუში მოცემულია ცალკე ფაილად.