Baby Bag

,,დაწუნებული დავალებები“, ,,გამიცვალე დავალება“, ,,მაშველი რგოლი“ - აქტივობები, რომელთაც სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოიყენებთ

,,დაწუნებული დავალებები“, ,,გამიცვალე დავალება“, ,,მაშველი რგოლი“ - აქტივობები, რომელთაც სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოიყენებთ

მასწავლებელმა ნანა თოთლაძემ სოციალურ ქსელში საკუთარი გამოცდილება გააზიარა. მან გაკვეთილზე ჩასატარებელი 3 საინტერესო აქტივობა შესთავაზა მასწავლებლებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

,,შემოგთავაზებთ სამ აქტივობს, არსად წამიკითხავს (შეიძლება არსებობს), მგონი ჩემი მოგონილია. არ დაიზაროთ, წაიკითხეთ, გამოცდილი მაქვს და ,,კარგად მუშაობს".
სამი აქტივობა: ,,დაწუნებული დავალებები“, ,,გამიცვალე დავალება“, ,,მაშველი რგოლი“
გაკვეთილზე მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია მასწავლებელმა გამოიყენოს სწავლა-სწავლების სხვადასხვა სტრატეგია. ერთფეროვანი გაკვეთილები მოსაწყენია და მოსწავლეთა ჩართულობა დაბალია. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში სახალისო და თამაშის ელემენტების შემცველი სტრატეგიების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაღალ აქტივობასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე აქტივობა, რომელთაც ეფექტურად ვიყენებ სასწავლო პროცესში.
1. თემის დასრულების შემდეგ ვამზადებ ფერად ბარათებზე სხვადასხვა სირთულის დავალებებს და ვათავსებ სამ ყუთში. ყუთებს გარედან აწერია, რა ტიპისა და როგორი სირთულის დავალებაა შიგ მოთავსებული. განცალკევებით მაქვს ყუთი, რომელსაც დავარქვი ,,დაწუნებული დავალებები“. მუშაობის პრინციპი ასეთია,- მოსწავლეები საკუთარი სურვილის მიხედვით იღებენ დავალებებს ყუთებიდან (რა სირთულის დავალებას აირჩევენ, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული), აწერენ ბარათებს საკუთარ სახელსა და გვარს და იწყებენ დავალების შესრულებას, თუ შეატყეს, რომ დავალებას ვერ აკეთებენ, მიდიან და დავალებს ათავსებენ ,,დაწუნებული დავალებების“ ყუთში. შემდეგ იღებენ სხვა დავალებას და ა. შ. დავალებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები შესრულებულ დავალებებს მაბარებენ (ბარათებზე სახელი და გვარი აუცილებელია ეწეროს) . ეს ბარათები ყოველთვის მიმაქვს სახლში, რადგან თითოეული დავალების ამოხსნილისა თუ დაწუნებულის გადახედვას და კომენტარის დაწერას დიდი დრო უნდა.
,,დაწუნებული დავალებების“ ყუთში მოთავსებული ბარათების მიხედვით ადვილად ვსაზღვრავ, რომელ მოსწავლეს რა უჭირს, რა ვერ გაიგო და რაში სჭირდება დახმარება. საინტერესოა ასევე იმის დანახვა, თუ რომელი მოსწავლე არის ,,გაბედული“, ანუ აირჩია მხოლოდ რთული დავალებები და რომელი ,,ნაკლებად გაბედული“. დავალებების გასწორებისა და დაშვებული შეცდომების გაანალიზების შემდეგ ვუბრუნდებით იმ საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის რთული აღმოჩნდა.
2. ,,გამიცვალე დავალება“ ასე დავარქვი მეორე აქტივობას. ამ აქტივობასაც თემის დასრულების შემდეგ ვიყენებ. მოსწავლეებს აქ უკვე თავად მე ვურიგებ დავალებებს, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ვაძლევ დროს შესასრულებლად. მოსწავლე თუ ვერ ხსნის დავალებას, შეუძლია გაუცვალოს სხვას ( კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ყველას მიმართოს გასაცვლელად, მრავალრიცხოვან კლასში კი ხმაური რომ არ გამოიწვიოს და დრო არ დაიხარჯოს, მოსწავლემ უნდა მიმართოს მის გვერდით, წინ ან უკან მჯდომ მოსწავლეს. მოსწვლეებმა თუ გაცვალეს დავალებები, ბარათის თავდაპირველი მფლობელის სახელის ქვემოთ უნდა მიაწერონ საკუთარი სახელიც. თუ მოხდა ისე, რომ ვიღაცამ ვერ გაცვალა ბარათი, მაშინ მოდის ჩემთან და მთხოვს სხვა დავალებას, მას ვთავაზობ სხვადასხვა სირთულის დავალებას და ირჩევს იმას, რომელიც უნდა. ეს დავალება მეც მამოწმებს, რამდენად სწორად განვსაზღვრე მოსწავლის შესაძლებლობა დავალების მიცემისას და რა თქმა უნდა მოსწავლესაც.
3. მესამე აქტივობას დავარქვი ,,მაშველი რგოლი“. მოსწავლეები (მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე) ირჩევენ მოსწავლე/მოსწავლეებს, რომლებიც დაეხმრებიან მათ საჭიროების შემთხვევაში. საინტერესოა, რომ მეტწილად სწორად ირჩევენ , საჭირო“მოსწავლეს, ანუ მაშველ რგოლს. ის მოსწავლე, რომელიც დაიხმარს მაშველს, ვალდებულია ბარათზე საკუთარი სახელთან ერთად მისი სახელიც დაწეროს. დავალებების გასწორების შემდეგ დაფასთან გამყავს ის წყვილი, ან წყვილები ( მოსწავლე და დამხმარე), რომელთაც არასწორად ჰქონდათ ამოხსნილი დავალება და ვაანალიზებთ დაშვებულ შეცდომებს, მოსწავლეები თანაკლასელთა დახმარებით ასწორებენ შეცდომებს.
დაწყებით საფეხურზე ვასწავლი და ყველა საგანში ხალისით ღებულობენ ამ ფორმით მიწოდებულ დავალებებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები თავისუფლად მოძრაობენ კლასში, ხმაური არაა, მათ იციან, რომ ერთ დავალებას მაინც ,,იპოვიან“ ისეთს, რომელსაც ამოხსნიან.
ეს სამი აქტივობა განსაკუთრებით მომწონს, რადგან:
1. მაღალია სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი;
2. მოსწავლეები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას.
3. თავად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.''

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის შესახებ

ინფორმაცია სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის შესახებ

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების პროცედურები და ვადები დამტკიცდა; განისაზღვრა საგამოცდო ცენტრები, გამოცდის თარიღები და მაქსიმალური ქულები; - ინფრომაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ:
საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურების მიზნით, გამოცდას ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
აღნიშნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (სავალდებულო საგანი) ჩატარდება 2019 წლის 20 ივლისს, ხოლო არჩევით საგნებში - 2019 წლის 21 ივლისს.
გამოცდის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:30 საათზე, ხოლო გამოცდა - 12:00 საათზე.
გამოცდა ჩატარდება შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

  • სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში (მისამართი: ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას ქუჩა N9);
  • სსიპ თბილისის N147 საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი).
გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი.
წაიკითხეთ სრულად