Baby Bag

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

ფსიქოლოგმა მეგი საჯაიამ დედების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედებმა საკუთარ თავზე მეტი უნდა იფიქრონ:

„დედების დანაშაულის გრძნობა აქვთ ხოლმე: „როგორ ვიფიქრო ჩემს თავზე? როგორ გავიდე სასეირნოდ? როგორ დავტოვო ცოტა ხნით?“ ეს ყველაფერი არის მათთვის დამაბრკოლებელი. მინდა დედებს ვთხოვო, რომ უფრო მეტი იფიქრონ საკუთარ თავზე. შვილს სჭირდება ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჯანსაღი დედა. დედებმა უნდა მისცენ თავს უფლება გამოიძინონ, დაისვენონ, ისეირნონ, შეხვდნენ მეგობრებს. ის აქტივობები, რომლებიც დედობამდე მათთვის იყო სასიამოვნო და სასურველი, ისევ განახორციელონ და თავი არ შეიზღუდონ იმიტომ, რომ ახლა დედები გახდნენ.“

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა. სწორად მინდა გამიგოს საზოგადოებამ. საკუთარი მე არ უნდა დავკარგოთ. შვილი ამ ყველაფერს გრძნობს. ბავშვისთვისაც ძალიან რთულია, როდესაც დედა არის გადაღლილი, ემოციებშია, არ არის ფსიქოლოგიურად ჯანსაღად. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გაგხდით კარგად. ეცადეთ, რომ დრო გქონდეთ დასვენებისთვის, ძილისთვის და დამხმარე პერსონა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ დედებმა. გადაანაწილონ ბავშვზე მზრუნველობა პარტნიორზე, ოჯახის წევრებზე, თუნდაც ძიძაზე,“- აღნიშნულ საკითხზე მეგი საჯაიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „კომერსანტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამის შიშები ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ პატარებს - ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხვადაგიანთან

რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამის შიშები ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ პატარებს - ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხვადაგიანთან

ღამის შფოთვები, კოშმარები, სიბნელის და მარტო დარჩენის შიში არაერთ ბავშვს აწუხებს. როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს ასეთ შემთხვევებში. ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი.

- ქალბატონო მარიამ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამის შიში ბავშვებში?

​- ღამის შიში, ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს კოშმარებისგან. 3-დან 6 წლამდე ბავშვებს ხშირად ახასიათებთ გამოღვიძება, რადგან ნახეს ცუდი სიზმარი და ითხოვენ მშობელთან გადასვლას. ამის მიზეზი, თუ რატომ ესიზმრებათ, ზუსტად არ არის ახსნილი, მაგრამ არის გზები, რითაც პრევენციას მოვახდენთ და დავეხმარებით. მსგავსი კოშმარები შესაძლოა, პროვოცირებული იყოს ტრავმით. ეს ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს, მარტივად რომ ვთქვათ, ფოიერვერკის ხმამაც, რომელსაც არ ელოდებოდა და შეეშინდა. ანუ, რაღაც ისეთი ფაქტორი, რამაც შეიძლება, მასში შიში ან სტრესი გამოიწვიოს.

​- რა უნდა გააკეთოს მშობელმა და როგორ უნდა ესაუბროს ბავშვს, რომ დაეხმაროს ღამის შიშების დაძლევაში?

​- როდესაც ბავშვი მსგავსი ტიპის სიზმრებს ნახულობს და ეღვიძება, მშობლებს ეძახის ხოლმე დასახმარებლად, რომ დაამშვიდონ ჩახუტებით ან სიტყვიერად. თუმცა სასურველია, რომ შემდეგ ბავშვი დაბრუნდეს თავის საწოლში. ყოველთვის, როდესაც გაეღვიძება, თუ ის გადაწვება მშობელთან, დარჩება შთაბეჭდილება, რომ იქ ნაკლებად საშიშია, ვიდრე თავის საწოლში, სადაც უფრო შეეშინდება. ამ შემთხვევაში ზღვარია დასაცავი. თავდაპირველად, ვრწმუნდებით, რომ ის უსაფრთხოდ და კარგად გრძნობს თავს და შემდეგ ვუხსნით, რომ შეუძლია მშვიდად განაგრძოს ძილი თავის საძინებელ ოთახში. თუ ბავშვს ეშინია სიბნელის, არის ნათურები, რომლებმაც შეიძლება, დააბალანსოს სინათლე და დაბალ შუქზე იყოს დაყენებული. სასურველია, რომ კარი ღია დავტოვოთ, თუ ცალკე ოთახში სძინავს ბავშვს. ასეთ დროს, იყენებენ ხოლმე სათამაშოს, რომელსაც ბავშვი აირჩევს. მას შეგრძნება რჩება, რომ ამ სათამაშოსთან ერთად იძინებს. ასევე, კარგია აბაზანის მიღება, ოღონდ არა ძლიერი შხაპით, რომ აღგზნება არ მივიღოთ, არამედ უფრო მომადუნებელი პროცედურა.

​კარგი საშუალებაა დღის მანძილზე ვკითხოთ, თუ ახსოვს რა დაესიზმრა, ან ვთხოვოთ დახატოს სიზმარი. არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ შეიძლება თავისი დახატული დახიოს, გადააგდოს და ემოციურად გამოიტანოს შიშები. კიდევ არსებობს წიგნები, ასევე მულტფილმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავძლიოთ შიში. კარგი იქნება, მშობელმა ბავშვთან ერთად გაიაროს ეს, ოღონდ მარტივ ენაზე. მშობელს შეუძლია თავისი გამოცდილებაც გაუზიაროს, რომ მასაც ესიზმრებოდა ხოლმე, პატარა რომ იყო, თუმცა იცოდა, რომ ეს სიზმარი იყო და შემდეგ აგრძელებდა ხოლმე ძილს.

​- რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ უარესი შედეგი არ გამოიწვიოს?

​- პრევენციისთვის ბავშვებმა ძილის წინ არ უყურონ საშიში შინაარსის მულტფილმებს და ზოგადად, რეკომენდაცია არის, რომ დაძინებამდე მინიმუმ ორი საათით ადრე ტექნიკასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, არ მოხდეს იგნორირება, მაგალითად, როდესაც ბავშვი ამბობს, რომ ეშინია ძაღლის, არ უნდა ვუთხრათ, სისულელეა ძაღლის რომ ეშინია. პირველ რიგში, უნდა მივიღოთ ეს ემოცია და შემდეგ გავშალოთ. ზოგჯერ ძაღლი ყეფს და ეს არ ნიშნავს, რომ რამეს დაუშავებს მას, ადამიანები ლაპარაკობენ, ძაღლები ყეფენ.
მშობელმა ჰიპერმზრუნველობაც არ უნდა გამოიჩინოს, რადგან ხელს შეუშლის ბავშვს, რომ შეეჩვიოს მარტო დაძინებას.

​- როდიდან უნდა დაიძინოს პატარა მარტომ და როგორ მივაჩვიოთ ამას?

​- ასეთი სტანდარტი არ არსებობს. დიდ ქვეყნებში ჩვილობიდან აძინებდნენ, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ჩვილისთვის კარგია ჩახუტება. კვლევებითაც დასტურდება, რომ მშობელთან ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია. ეს არის მშობლის გადასაწყვეტი, თუ ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს შესაძლოა, მანამდეც, მაგრამ ორი წლიდან უკვე ნამდვილად შეუძლია ბავშვს ცალკე ოთახში დაიძინოს, თუმცა აქაც მთავარია კომუნიკაცია, იმაში დასარწმუნებლად, რომ ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს. 

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად