Baby Bag

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვისთვის სახლში სტერილური გარემოს შექმნის ნეგატიურ მხარეებზე ისაუბრა:

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია. უბრალოდ ჩვენი საკუთარი ხელიდან და სახიდანაც იმდენი ბაქტერია გადადის, რომელსაც ვერავინ ვერ საზღვრავს. ვერ დამდუღრავ მთელ სახლს, ვერ დამდუღრავ მთელ გარემოს. ვერანაირ სახლში ვერ მოაწყობთ იმ სისტემას, რაც არის ბუნებრივად გარეთ. იმდენი სტიმულია გარეთ, უბრალოდ სიომ დაუბერა და ფოთოლი ააფრიალა, ეს უკვე სტიმულია ბავშვისთვის. რატომ მოსწონს მას ყველაფრისთვის ხელის ხლება, ეს არის ტაქტილური შეგრძნება. ეს ყველაფერი მისი ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც კი ახალშობილი ხმას ამოიღებს, მაშინვე უფროსების პასუხი არის: „არა, ჩუ-ჩუ.“ შესაბამისად იწყება უამრავი ზეწოლა ბავშვზე. რაც ბავშვი დაიწყებს უკვე სიარულს, ეხება უამრავ საგანს, გამოაღებს კარადას და ყველა ეუბნება: „დახურე.“ ჩვენ ფიზიკურს ვეძახით, მაგრამ ზრდა არის ტვინის მომწიფება, მეტი არაფერი. თუნდაც ხოხვით, თუნდაც კუბიკის ერთმანეთზე დალაგებით ის ვითარდება.

ბავშვობა არის ყველაზე ბედნიერი ასაკი ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. დააცადეთ ბავშვებს, იყვნენ ბავშვები. პატივი ეცით მათ უფლებებს. აუცილებლად უნდა ითამაშოს ბავშვმა გარეთ თანატოლებთან,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული?

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული?

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი ია ჯალაღანია ესაუბრა.

- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის ნაწლავური ინფექცია?

-ნაწლავური ინფექცია, როგორც სახელი მიგვანიშნებს, ინფექციური პათოლოგიაა, რომლის დროსაც ვითარდება ნაწლავის ანთება. კლინიკურად მისთვის დამახასიათებელია ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, უპირატესად დიარეა (დღის მანძილზე სამჯერ ან მეტჯერ არსებულ ნაწლავთა მოქმედება უპირატესად სითხისშემცველი მასებით),თუმცა დიარეა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ საქმე ნაწლავურ ინფექციასთან გვაქვს.

- რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელი უფრო გავრცელებულია?

დაავადება წლის ყველა პერიოდში გვხვდება, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, ზაფხულში - ბაქტერიული ინფექციები. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებასთან მეტი კონტაქტიაექსკურსიების, ლაშქრობების, დასვენების სახით.ამასთან, ჰიგიენური ნორმების დარღვევა ცნობიერად თუ არაცნობიერად, მოგეხსენებათ, პატარებს დამოუკიდებლად უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა.

- რა არისნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზი?

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ბაქტერიები (კამპილობაქტერია, სალმონელა, შიგელა) ;
  • ვირუსები (როტავირუსი და ნოროვირუსი);
  • პარაზიტული აგენტები (კრიპტოსპორიდია და ლამბლია);
  • ჰელმინთები და ზოგიერთი პარაზიტული ინფექციები(Isospora Belli, Strongyloides Stercocalis, Trichuris trichiura, Entamoeba Histolytica).

- რა სიმპტომებით ხასიათდება?

- ძირითადი და მთავარი სიმპტომებია: დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილი, უმადობა, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის ნიშნები, ტემპერატურის მატება.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებასთან ერთად, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა დამატებით ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.ნებისმიერი ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეა დაახლოებით ერთნაირი კლინიკით ვლინდება, თუმცა მკურნალობის სწორი ტაქტიკისთვის მნიშვნელოვანია გამომწვევი შესაძლო მიზეზის იდენტიფიცირება (პირველადი და ძირითადი კვლევა განავლის საერთო ანალიზია). ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სისხლიანი დიარეის არსებობა, ვინაიდან აღნიშნულის შესაძლო, მძიმე და საშიში გართულებაა ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომი (HUS), რომლისთვისაც დამახასიათებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება). რაც შეეხება მკურნალობას, აქ უმთავრესია სწორად და მდგომარეობის შესაბამისად მიწოდებული სარეჰიდრატაციო საშუალებები, სიმპტომური მკურნალობა და მართვა. ბინაზე უმართავი მდგომარეობისა და ჩივილების ინტენსივობის მატების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს დეჰიდრატაციის რისკის შეფასება და ჰოსპიტალიზაციის ჩვენების არსებობა/არარსებობა.

- პრევნეციის საშუალებებზეც რომ ვისაუბროთ.

- მთავარი და ძირითადი ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვაა, რაც გულისხმობს ხელების ჰიგიენას, საკვები პროდუქტების სწორ დამუშავებას, ინდივიდუალური ჰიგიენური ნივთების გამოყენებას, ინფიცირებულთან კონტაქტის არიდებას.

R. 

წაიკითხეთ სრულად