Baby Bag

„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის საწოლის სწორი პოზიცია ოთახში,“ - ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი

ნევროლოგმა ნინო თარხნიშვილმა ჩვილის ძილის რეჟიმის მოსაწესრიგებლად მშობლებს საინტერესო რეკომენაციები მისცა:

„ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია საწოლის შერჩევა, საწოლის სწორი პოზიცია ოთახში. როდესაც თენდება სინათლე აუცილებლად უნდა აღწევდეს ოთახში და მზის სხივი აღწევდეს საწოლამდე. ეს ბავშვს ეხმარება, რომ ძილის ფიზიოლოგიური ცირკადულობა ჩამოუყალიბდეს და ეხმარება მას გამოღვიძებაში.

მატრასი უნდა იყოს აუცილებლად მყარი. არ არის არანაირი ბალიში სასურველი. ზოგიერ შემთხვევაში ვითვალისწინებთ პედიატრიულ პათოლოგიებს, რომლებიც ხშირია ხოლმე ახალშობილებში, როგორიც არის, მაგალითად, რეფლუქსი. ამ დროს რეკომენდებულია მატრასის ცოტა დახრა. უმეტეს შემთხვევაში მშობლებს 30 გრადუსიან კუთხეს ვურჩევთ ხოლმე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის რეფლუქსი.

იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს, ღამით უნდა იყოს შუქი. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ერთი წლის ასაკის შემდგომ პერიოდს. ამ დროს თვალსაჩინო ხდება შიშების არსებობა. ორი წლიდან უფრო აქტიურად მოდის ეს პრობლემა. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და შევეცადოთ, რომ დავეხმაროთ ბავშვს მის გადალახვაში. იყოს შუქი ანთებული. ეს ამშვიდებს ბავშვს და არ უქმნის განცდას, რომ მარტოა.

ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვილების უეცარი გარდაცვალების სინდრომი მკვეთრად შემცირდა, როდესაც მკაცრი რეკომენდაცია იქნა შემუშავებული ბავშვის ზურგზე წოლასთან დაკავშირებით. ზოგადი და ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის, რომ ბავშვს უნდა ეძინოს დამოუკიდებლად მის საწოლში,“- მოცემულ საკითხზე ნინო თარხნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად