Baby Bag

როგორ ვასწავლოთ ბავშვს შეცდომის აღიარება?

როგორ ვასწავლოთ ბავშვს შეცდომის აღიარება?

შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს. დედებიც ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად უშვებენ შეცდომას და საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. ბევრ შეცდომას უშვებენ ბავშვებიც. ისინი თითქმის ყოველდღიურად ავლენენ ნაკლებად მოსაწონ ქცევას, როდესაც იზრდებიან და ვითარდებიან. როდესაც ბავშვი შეცდომას უშვებს, მთავარია, რომ ​მან თავი უფროსებთან კომფორტულად იგრძნოს და შეცდომის აღიარება არ გაუჭირდეს. მშობლებმა შვილებს ყველანაირი პირობა უნდა შეუქმნან იმისთვის, რომ მათ საკუთარ შეცდომებზე ღიად ისაუბრონ.

რატომ არის ასეთი რთული იმის აღიარება, რომ რაღაც გვეშლება? მშობლები ბავშვებს შეცდომებზე ღიად მიუთითებენ და მათ ხმამაღლა ადანაშაულებენ. ბავშვები კი პასუხისგმებლობის არიდებას ცდილობენ. ეს ნორმალური რეაქციაა, რადგან ადამიანი გაურბის ღიად საუბარს იმაზე, რომ მას რაღაც შეეშალა. ბავშვები აწმყოში ცხოვრობენ. ისინი დაშვებულ შეცდომას სწრაფად ივიწყებენ და მასზე რეფლექსია უჭირთ.

ბავშვმა რომ შეცდომის აღიარება ისწავლოს, მას ​მშობლისგან სათანადო მოდელი უნდა ჰქონდეს. ბავშვები ყველაფერს აკვირდებიან. ისინი ხედავენ, რომ დედა მათთან მიმართებაში ზოგჯერ შეცდომას უშვებს, თუმცა ამას არ აღირებს. თუ ბავშვი ხედავს, რომ დედამ დაშვებული შეცდომა აღიარა, ის თავს კომფორტულად გრძნობს. ეს მაშინაც ასეა, როდესაც დედა უმიზეზოდ გაუბრაზდა ბავშვს და ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა მის მიმართ.

ბავშვებს შეცდომის აღიარება ხშირად აშინებთ კიდეც, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ ზედმეტ პრობლემებს შეუქმნის. როდესაც ბავშვის შეცდომაზე საუბრობთ, სიმკაცრეს ნუ გამოიჩენთ. ამგვარად ის მიხვდება, რომ საკუთარი შეცდომის აღიარებაში საშიში არაფერია და ამაზე დედასთან მშვიდად ლაპარაკი შესაძლებელია.

ბავშვი გულახდილობას თუ გამოიჩენს და შეცდომას აღიარებს, ნაცვლად იმისა, რომ მას მკაცრად ესაუბროთ, გულწრფელობისთვის შეაქეთ. ბავშვს უთხარით, რომ მისი სიმამაცე დასაფასებელია და შეცდომის აღიარება კარგი საქციელია. ამის შემდგომ კი ​აუხსენით, თუ რატომ იყო მისი ქცევა მიუღებელი და რა გაკვეთილი უნდა მიიღოს დაშვებული შეცდომისგან. ბავშვთან ერთად განიხილეთ, რა უნდა გაეკეთებინა მას სხვაგვარად. ბავშვს თქვენი იდეები არ შესთავაზოთ. ეცადეთ, რომ საუბრით ის სწორ პასუხამდე მიიყვანოთ. გახსოვდეთ, შეცდომები სწავლისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით


არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოთმინება?
​მოთმინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომლის შეძენა ბავშვისთვის ადრეული ასაკიდანვე საჭიროა. მისი დახმარებით ადამიანები არამხოლოდ კარიერულ წინსვლას, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ჯანს...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქინდერის“ საეჭვო პარტიები საქართველოში - სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

„ქინდერის“ საეჭვო პარტიები საქართველოში - სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

სურსათის ეროვნული სააგენტოს იფნორმაციით „ქინდერის“ საეჭვო პარტიებთან დაკავშირებით სააგენტომ ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ახალი შეტყობინება მიიღო:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ქინდერის“ საეჭვო პარტიებთან დაკავშირებით ახალი შეტყობინება მიიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო ახალი შეტყობინება, ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ.

„საგანგაშო შეტყობინებაზე“ თანდართული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში შპს “ბიდი კომპანის” მიერ იმპორტირებულია შემდეგი პროდუქტი:
1. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG GEORGIA&AZER,
პარტიის №L089RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 10.11.2021, რაოდენობა: 218 კგ.
პარტიის № L167RZ-/01, ვარგისიანობის ვადა: 27.01.2022, რაოდენობა: 871 კგ.
პარტიის № L201R03/01, ვარგისიანობის ვადა: 02.03.2022, რაოდენობა: 54 კგ.
2. KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS,
პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, რაოდენობა: 411კგ.
3. KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16 HANGING BAG BASE,
პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.
პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.
პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო - იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.

ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.“

​წყარო

წაიკითხეთ სრულად