Baby Bag

​ორსულობის რა ვადაზე შეგვიძლია ნაყოფის სქესის გაგება?

​ორსულობის რა ვადაზე შეგვიძლია ნაყოფის სქესის გაგება?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ორსულობის რა ვადაზე შეგვიძლია ნაყოფის სქესის გაგება? ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია.


ორსულების გარკვეულ ნაწილს არ სურს მშობიარობამდე ბავშვის სქესის გაგება, გარკვეულ ნაწილს კი ორსულობის გაგების დღიდან უნდა, რაც შეიძლება მალე გაიგოს ბავშვის სქესი. 
არსებობს რამდენიმე მეთოდი ნაყოფის სქესის გასაგებად ორსულობის სხვადასხვა ვადაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანი გარკვეული რისკების შემცველია.


  • თუ გეგმავთ ინ ვიტრო განაყოფიერებას, ამ პროცედურის დროს შესაძლებელია ასევე ბავშვის სქესის არჩევა. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ხდება ქალის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის განაყოფიერება ხელოვნურად, შემდგომ კი უკვე გამზადებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში. გადატანამდე შესაძლებელია ემბრიონის სქესის განსაზღვრა და სასურველი სქესის ემბრიონის ან ემბრიონების გადატანა (თუ, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სქესი).
  • ქორიონის ბიოფსია - ერთ-ერთი გენეტიკური ტესტია, (გამოიყენება დაუნის სინდრომის გამოსარიცხად) რომლის დროსაც ხდება ქორიონის ბუსუსების აღება. აღებული მასალა შეიცავს ნაყოფის გენეტიკურ მასალას, შესაბამისად, შესაძლებელია ნაყოფის სქესის გაგებაც. (ტესტის გავლა შეგიძლიათ 10-12 კვირის ვადაზე. ამ გამოკვლევას ზოგჯერ ახლავს რისკები, როგორებიცაა: სისხლდენა, სანაყოფე წყლების დაღვრა, ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობის რისკი).
  • ამნიოცენტეზი - ესეც ერთ-ერთი მეთოდია ნაყოფის განვითარების ანომალიის განსაზღვრისთვის. ამ პროცედურის დროს ხდება ექოსკოპიის კონტროლით მუცლის წინა კედელში ნემსის შეყვანა და სანაყოფე წყლების აღება. სანაყოფე წყლების გამოკვლევით ხდება განსაზღვრა, აქვს თუ არა ნაყოფს განვითარების რაიმე ანომალია. ასევე შესაძლებელია ამ მეთოდით ნაყოფის სქესის გაგება. ამნიოცენტეზსაც ზოგჯერ ახასიათებს ზედა პუნქტში ჩამოთვლილი შესაძლო გართულებები.
  • ექოსკოპიური კვლევა - ვინაიდან ნაყოფის სასქესო ორგანოების განვითარება სრულდება 16 კვ. ვადაზე, შესაბამისად, ზუსტი სქესის განსაზღვრა ხდება 16 კვ. ვადაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედ​ების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოსტირება მოზარდობის ასაკში მოხდეს, რათა ავირიდოთ შორეული გართულებები,“- მეან-გინეკოლოგი მადლენა ხვიჩია

მეან-გინეკოლოგმა მადლენა ხვიჩიამ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის სიხშირე 5-დან 25%-მდეა. ეს ყველაფერი მოზარდობის ასაკიდან იღებს დასაბამს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ასაკში მოხდეს მისი დიაგნოსტირება, რათა ავირიდოთ ის გართულებები შორეული, რაც ახასიათებს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს.

კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა. პირველი ნიშანი, რითაც ხშირად მოგვმართავენ, არის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, არის მენსტრუათაშორისი ინტერვალის გახანგრძლივება 38 და მეტი დღის ინტერვალით. ასეთ პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ჭარბი სისხლიანი გამონადენი, მენსტრუალური დღეების გახანგრძლივება. მოზარდების შემთხვევაში ვსაუბრობთ 7 დღე და მეტი, ხოლო რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში 8 დღე და მეტი შეიძლება იყოს.

მნიშვნელოვანი ნიშანია ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული აკნე, ჭარბთმიანობა, უხეში, გრძელი, შავი თმების არსებობა სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ქალბატონებისთვის არ არის დამახასიათებელი, სახეზე, სარძევე ჯირკვლების დვრილების გარშემო და მუცლის წინა ხაზზე. ასევე არის საკვერცხის სტრუქტურული ცვლილებები, ხდება კაფსულის გასქელება, მასში მრავლდება სითხური ჩანართები, რის გამოც მას ეძახდნენ პოლიცისტურ საკვერცხეს. საკვერცხის მოცულობა გაზრდილია. უნდა აღინიშნოს ჭარბი წონა, რომელიც პოლიცისტური საკვერცხის შემთხვევაში მოზარდების დაახლოებით 50%-ში აღინიშნება.

მოზარდობის პერიოდი გოგონებისთვის ძალიან მგრძნობიარეა. ეს კლინიკური ნიშნები: ჭარბთმიანობა, ჭარბი წონა, აკნე, ემოციური თვალსაზრისით მათთვის დამთრგუნველია და შეიძლება თვითშეფასება დაბლა დაწიოს. მომავალში ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, დეპრესიასთან არის დაკავშირებული,“- მოცემულ საკითხზე მადლენა ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად