Baby Bag

„კაცია და რას იზამს,“ - ეს საშინელი ტენდენცია იყო ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, ახლაც გრძელდება - დეკანოზი შალვა კეკელია

„კაცია და რას იზამს,“ - ეს საშინელი ტენდენცია იყო ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, ახლაც გრძელდება - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჯვრისწერისა და ქორწინების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ჯვრისწერის დროს მშობლების დასწრების მნიშვნელობას და დაქორწინებული წყვილის ერთმანეთისადმი ერთგულების აუცილებლობას:

„ადამიანები ჯვრისწერაზე მოდიან და გვეკითხებიან: „მშობლის დასწრება ჯვრისწერაზე აუცილებელია?“ არ ვიცი საიდან დამკვიდრდა ეს წესი. აუცილებელია, აბა როგორ?! აბა რას უნდა დაესწროს მშობელი, თამადის სადღეგრძელოებს?! ჯვარს იწერს ადამიანი, საიდუმლო სრულდება. სად უნდა იყო, თუ არ მოისმენ იმ სიტყვებს, როგორ ლოცავს შენს შვილებს მღვდელი?! პირიქით, ძალიან კარგი ტრადიცია არსებობდა, როდესაც მამას შემოჰყავდა ტაძარში შვილი. ჰგონიათ, რომ ეს კათოლიკური ტრადიციაა. ეს არ იყო კათოლიკური ტრადიცია. ეს ქრისტიანული ტრადიციაა, როდესაც მშობელს შემოჰყავს თავისი შვილი. იდეალური ოჯახი არ არსებობს. მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები გყავს ირგვლივ, ვისთან ერთადაც არსებულ პრობლემებს აგვარებ. ახალშექმნილ ოჯახში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა ამ პრობლემებს აგვარებ.

პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენი სხეული ქრისტეს სხეული არის და არ შეიძლება ეს სხეული შეიბილწოს. აქ პავლე მოციქული არ საუბრობს ქალზე. ის არანაირად არ განასხვავებს სქესს. არ საუბრობს, რომ მამაკაცისთვის შესაძლებელია ეს და ქალისთვის არა. ორივესთვის ერთნაირად მძიმე ცოდვაა, როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვის. ჩვენთან, სამწუხაროდ, ალბათ, ბავშვობაში, ჩვენი მშობლებისგან გაგვიგია, რომ როგორ მიდიოდა კაცი რუსეთში, როგორ „იგულავა“ იქ, თანაც მაშინ, როდესაც ცოლი ჰყავდა. ამას არ მალავდნენ. ეს ნორმალურად ითვლებოდა. მეუღლეებისთვისაც მისაღები იყო ეს. მთავარი იყო, საყვარელი არ გაეჩინა, თორემ ერთჯერადად შეიძლებოდა. „კაცია და რას იზამს,“ - ეს საშინელი ტენდენცია იყო ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, ახლაც გრძელდება,“ - მოცემულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად