Baby Bag

„ზედმეტი იყო ის ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა... პროდუქტები, რომლებიც დახლებზე დაცარიელდა, დღეს ისევ აივსება,“- ვახტანგ ჭარაია

„ზედმეტი იყო ის ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა... პროდუქტები, რომლებიც დახლებზე დაცარიელდა, დღეს ისევ აივსება,“- ვახტანგ ჭარაია

თსუ-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ გუშინ მაღაზიებში დაცარიელებული დახლების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გუშინდელი პანიკა ნამდვილად უსაფუძვლო იყო, მით უმეტეს, ცალკეულ პროდუქტებზე, რომლებიც საერთოდ არ არის დამოკიდებული არც რუსეთზე, არც ბელორუსზე, არც უკრაინაზე. ზედმეტი იყო ის ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა. იმედია, საზოგადოება შემდეგ ჯერზე უფრო ყურადღებით იქნება. შაქარი საერთოდ არ არის ჩრდილოელ მეზობელთან კავშირში. ამას შეიძლება პროდუქტებზე ფასის ხელოვნური ზრდა მოჰყვეს. ამ პროდუქტების იმპორტიორი არის ლამის ყველა ქვეყანა, გარდა ჩვენი მეზობლებისა. რუსეთს, რომელზეც დიდი აქცენტი კეთდება, შაქრის იმპორტში 1%-ზე დაბალი წილი აქვს. ძირითადი იმპორტიური ბრაზილიაა. არანაირი საჭიროება არ არსებობდა იმისა, რომ შაქრის მარაგები გაეკთებინა საზოგადოებას.“

ვახტანგ ჭარაიას თქმით, საქართველოს პროდუქტების მარაგები საკმარისად აქვს და ამ მხრივ სირთულეები არ არსებობს:

„შეიძლება ცოტა სხვა მდგომარეობა იყოს ზეთთან და გარკვეულ რძის პროდუქტებთან მიმართებაში. აქაც არაფერი საგანგაშო არ ხდება. საქართველოს აქვს მარაგები, მოწოდების გზები და ალტერნატივები. არ გვაქვს არავითარი სირთულე მომარაგების კუთხით. პროდუქტები, რომელიც დახლებზე გუშინ დაცარიელდა, დღეს ისევ აივსება. ის მომხმარებელი, რომელმაც 3 ლარის მაგივრად 5 ლარი გადაიხადა შაქარში, დღეს დაინახავს, რომ ისევ 3 ლარი ღირს. ის მოტყუებული დარჩება, თავის თავს მოატყუებს.“

„ათეულობით ბოთლი ზეთის ყიდვა, რომელიც შეიძლება რამოდენიმე წელი გეყოს, არ არის საჭირო. ისეთებსაც ვიცნობ, პანდემიის დასაწყისში რომ მარაგები გაიკეთეს, დღესაც არ დაუმთავრებიათ. არ არის საჭირო მსგავსი აჟიოტაჟი, 2008 წელსაც კი არ იყო მსგავსი აჟიოტაჟი. არ არის ასე მარტივი, რომ მოშალო ეს ყველაფერი,“- აღნიშნულ საკითხზე ვახტანგ ჭარაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად