Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩვენ ბავშვის წინააღმდეგობის მიუხედავად ძალადობრივად გავზრდით ულუფას, ანატომიურადაც ბევრი რამ იცვლება,“ - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს

„თუ ჩვენ ბავშვის წინააღმდეგობის მიუხედავად ძალადობრივად გავზრდით ულუფას, ანატომიურადაც ბევრი რამ იცვლება,“ - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვების სწორი კვებითი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მან აღნიშნა, რომ ძალადობრივი დამოკიდებულება კვების საკითხებში ბავშვისთვის უარყოფითი შედეგების მომტანია:

„ჩვენ ვსაუბრობთ სამ ინსტრუმენტზე, ესენია: ​რეჟიმი, ულუფა და რაციონი. აქ შეიძლება იყოს ძალადობრივი შედეგი, რომელიც ძალიან სახიფათოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმზე, ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოლოგიური საათი. ჩვენი ორგანიზმის აქტივობა კონკრეტულ რიტმს ემორჩილება. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვართ მზის რიტმზე ორიენტირებული ადამიანები. ძალიან ხშირად მშობელი არ აკვირდება ბავშვის რიტმს. მშობელი ქმნის რიტმს. მოზარდი თუ თავის განსხვავებულ რიტმს გვთავაზობს, იქნებ ეს არის მისი ორგანიზმისთვის უფრო მისაღები.“

მარი მალაზონიას თქმით, ოჯახში ხშირად არის ტენდენცია, რომ ბავშვის ულუფის ზომა მისი წინააღმდეგობის მიუხედავად გაზარდონ:

„მეორე საკითხი გახლავთ ულუფა. ყოველთვის არის ოჯახში იმის ტენდენცია, რომ ​ბავშვს რაღაც აკლია, ბავშვმა არ შეჭამა კარგად. თუ ჩვენ ბავშვის წინააღმდეგობის მიუხედავად ძალადობრივად გავზრდით ულუფას, ანატომიურადაც ბევრი რამ იცვლება. მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც მოზარდობაში მას სჭირდება წონის ან კვებითი ქცევების კონტროლი. ეს ხომ მას ჩვენ დავასწავლეთ.“

„ჩვენ ხშირად გვაქვს სურვილი, რომ კატეგორიულად გადავასხმევინოთ ბავშვს ჭიქიდან სასმელი, რომელიც მიგვაჩნია, რომ არ არის ჯანმრთელი. მშობელს ასეთი სიფხიზლე სჭირდება, არა სასმელის ჭიქიდან გადაღვრა, არამედ სიფხიზლე იმის, რომ სანამ ბავშვი პატარაა და არ დაუგემოვნებია ასეთი სასმელი, ჩვენ არ გავასინჯოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხილი და ბოსტნეული ბავშვის რაციონის განუყოფელი ნაწილი იყოს. თუ ბავშვი გვეწინააღმდეგება და ვერ იღებს ამ პროდუქტებს, ასეთ დროს ძალადობა შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული შედეგების მომტანი. ბავშვებში ძალიან ხშირია ფრუქტოზის აუტანლობა. პატარას აქვს პრობლემები, რომელსაც ვერ აღწერს. ​თუ ბავშვის ორგანიზმი ეწინააღმდეგება ძალიან სწორ, დასაბუთებულ არჩევანს საკვებისას, ორგანიზმი არ პასუხობს ადეკვატურად ჩვენ მიერ შეთავაზებულ ჯანსაღ დიეტას, კითხვები დავსვათ ექიმთან ერთად და შევაფასოთ, რამდენად მზად არის ბავშვის ორგანიზმი ამ ნივთიერებების მისაღებად,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად