,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
„იმ ადამიანებში, ვისაც ეს გენი აქვს, ვირუსი უფრო ფატალურად მთავრდება, უჯრედები ვერ ებრძვიან ვირუსს,“ - ტატა ქებაძე
ბრიტანეთის სამეფოს ლაბორატორიის მკვლევარმა ტატა ქებაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ოქსფორდის ინსტიტუტის ახალი აღმოჩენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღმოჩენილია ახალი გენი, რომელიც ადამიანს ვირუსთან ბრძოლაში ხელს უშლის:
„ოქსფორდის ინსტიტუტმა აღმოაჩინა გენი, რომელიც ადრე არ იყო შესწავლილი. ეს გენი სასუნთქ გზებშია და როდესაც ვირუსი ემართება ადამიანს, მისი უჯრედები ვერ ებრძვის ამ ვირუსს. შესაბამისად ამ ხალხში ვირუსი უფრო ფატალურად მთავრდება. საინტერესო აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 15% იყო ევროპული ხალხი, დანარჩენი აფრიკელები, აზიელი ხალხი.“
ტატა ქებაძის თქმით, აღნიშნული გენი უფრო მეტად აქვთ ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს:
„გენი აქვთ ადამიანებს, რომელიც არ იყო ადრე მკაფიოდ შესწავლილი. სწორედ ამიტომ არის, რომ იმ ადამიანებში ძალიან რთულად მიდის კორონავირუსი. ეს გენი უფრო ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ. აზიურ და აფრიკულ ჯგუფებში უფრო ხშირია და ვირუსი ფატალურად მთავრდება. ესეც ერთგვარი სიახლეა.“
„აფრიკელ და აზიელ ადამიანებში ხშირად ძალიან რთულად მიდიოდა კოვიდი. აქ იყო საუბარი, ეს ხომ არ იყო სოციალური მდგომარეობის გამო. ახლა გაირკვა, რომ არამხოლოდ ეს, არამედ გენიც იწვევს ამას. ამ გენის გამო მათი უჯრედები ვერ ებრძვიან ვირუსს. მათ ორგანიზმს და უჯრედებს არანაირი რეაქცია არ აქვს, შესაბამისად მათთან ძალიან ფატალურად მთავრდება,“ - აღნიშნა ტატა ქებაძემ.