„არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ბნელია მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოაო?“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბულინგის გახშირების თემებზე წერს.
„მგონი სოციალური ქსელები მართლა გასათიშია, რადგან ფაქტიურად ბულინგის ასპარეზად არის გადაქცეული. გამაოგნებელია, რა ეპითეტებით მიმართავენ ადამიანები ერთმანეთს. დაიკარგა იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ და ჩვენი აზრი გაგვაჩნია, რომელიც შეიძლება სხვას არ მოწონდეს, რომ ფიქრის უფლება გვაქვს. მოდაში შემოვიდა ტერმინები „ტოტალური სიბნელეა"-ს და „გვჩიპავენ“ ჯგუფიდან. არაერთი მაგალითია, როდესაც ადამიანზე ამბობენ, რომ ბნელია, მხოლოდ თავისი რომელიმე პოლიტიკური შეხედულების გამო.
თუმცა ეს ჩემი პოსტი პოლიტიკას კი არა, კოვიდის ვაქცინას ეხება და არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ბნელია მხოლოდ იმიტომ, რომ კოვიდის ვაქცინა არ გაიკეთა, მაგალითად, შემოტანის დღესვე (აქვე ჩავახშობ პირველივე რეაქციას, ჩემზე არ ვწერ, მე გადატანილი მაქვს კოვიდი და ანტისხეულების მაღალი ტიტრი მაქვს ჯერ, ამიტომ ვაპირებ ვაკონტროლო ანტისხეულები და გავიკეთო ვაქცინა, როგორც კი ტიტრი მკვეთრად შემცირდება ან საერთოდ გაქრება, მაგრამ მე ასე თუ ისე გაცნობიერებული მაქვს რისკები და სარგებელი და ძალიან მინდა, რომ ყველას მივცეთ იმის უფლება, რომ შეძლებისდაგვარად გაცნობიერებულად თვითონ გადაწყვიტოს თავისი ჯანმრთელობის საკითხი).
ბნელია იმიტომ, რომ იმ დღესვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებმა შეტყობინება მიიღეს (ანუ 13 მარტს), არ დარეგისტრირდა პორტალზე. აქვე ვიტყვი, რომ ეს შეტყობინება ბევრად ადრე უნდა დაგზავნილიყო. თავიდან ითქვა, რომ მხოლოდ კოვიდ კლინიკების პერსონალი იცრებოდა. ყველა პროფილის სამედიცინო დაწესებულებაზე ბოლო წუთში გავრცელდა რეგისტრაციის პროცესი და ორშაბათს დილით, როცა უკვე ბნელებს ეძახდნენ იმათ, ვინც ჯერ არ იყო დარეგისტრირებული, ზოგმა „ბნელმა“ ჯანდაცვის მუშაკმა უბრალოდ ჯერ არც კი იცოდა, რომ რეგისტრაცია შეეძლო.
ბნელია იმიტომ, რომ მოისმინა ინფორმაცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინის დროებითი შეჩერების შესახებ და იფიქრა, რომ თვითონაც დროებით შეაჩერებდა გადაწყვეტილების მიღებას, სანამ ევროპის ქვეყნებში დამატებით გავრცელდებოდა ინფორმაცია და გაირკვეოდა რეალობა. ყველანი ხომ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ რეალობას, ზოგმა მალევე მიიტანა ეჭვი, რომ ეს შეიძლება პოლიტიკური მოვლენა იყოს, ზოგს მართლა ეგონა, რომ გვერდითი მოვლენების გამო მოხდა შეჩერება და ცდილობს მეტად გაერკვეს.
ბნელია იმიტომ, რომ დაიბნა სრულიად სპონტანურად ვაქცინის მწარმოებლის სახელის ცვლილების გამო. იქნებ ამ ბნელმა ადამიანმა მანამდე ძალიან ბევრი წაიკითხა და მოემზადა ფაიზერის ვაქცინის მისაღებად, მერე უცებ უთხრეს, ეგ არა, სხვა ვაქცინა გვაქვს თქვენთვისო და ცოტა სული მოთქმა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა.
ბნელია იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოაო? უბრალოდ კითხვა დასვა, რომ სპეციალისტების აზრი მოისმინოს, მერე აწონ-დაწონოს, რა ურჩევნია, კოვიდის და მასთან დაკავშირებული მძიმე გართულებების და შესაძლო ლეტალური გამოსავლის რისკები, თუ კოვიდის ვაქცინის შორეული შედეგების თეორიული შანსები. უბრალოდ დაფიქრდა და მეტი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს დაესხნენ თავს და სულ თავში ურტყეს ბნელის და მეტიც, ანტივაქსერის ტიტული. ერთმა ჩემმა პაციენტმა ზუსტად იმიტომ მიიღო აცრის გადაწყვეტილება, რომ სრულიად ღიად ავუხსენი, რა არის ცნობილი და რა არა კოვიდ ვაქცინების შესახებ და კატეგორიული ტონით არ მივეცი გარანტია, რომ ზუსტად ვიცით ყველაფერი (როგორც ამას ზოგიერთები ირწმუნებიან).
ბნელია იმიტომ, რომ თვითონაც და მთელ მის ოჯახსაც ყველა გეგმიური თუ არაგეგმიური ვაქცინაცია ზედმიწევით აქვს ჩატარებული, მაგრამ იმიტომ, რომ აწონ-დაწონა რისკები, იფიქრა, რომ არც ერთი რისკ-ფაქტორი არა აქვს და შესაბამისად, გართულებების უკიდურესად დაბალი რისკის ქვეშაა, ასევე იმიტომ, რომ მყარად ვერავინ ეუბნება, რომ ვაქცინა ვირუსის გავრცელებასაც უშლის ხელს (თორემ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო, ანუ სხვების დასაცავად გაიკეთებდა ვაქცინას), იფიქრა, ცოტა ხანს დავიცდი და მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო, მაგრამ ფიქრს ვინ აცლის, ამასაც თავში ურტყეს ანტივაქსერის და უბნელესის ტიტული. ანტივაქსერები ხომ ისტორიულად აგრესიულები არიან, მაგრამ ბოლო დროს ანტივაქსერებზე უფრო აგრესიულები გახდნენ ზოგიერთი პროვაქსერები. რატომ არ შეგვიძლია ზომიერება და სხვისი არგუმენტების მოსმენა (თუნდაც არ მოგვწონდეს)?
ბნელია, თუ ვაქცინა თავისთვის, ჩუმად გაიკეთა და საჯარო ჩვენება არ მოაწყო. გასაგებია, რომ ეს ჩვენება კეთილშობილურ მიზანს ემსახურება და სხვებისთვის მაგალითის მიცემის გამო კეთდება და ამ ადამიანების განზრახვა ძალიან პატივსაცემია, მაგრამ მთლად დიდგორის ომში წასულებივით მათი გმირებად გამოყვანა და იმ ადამიანების შეჩვენება, ვისაც ზოგადად არ უყვარს ფოტოების დადებაც კი, არამცთუ ვაქცინაციის პროცესის საჯარო დემინსტრირება, უკვე რადიკალიზმია. ყველას არჩევანი პატივსაცემია. გამონაკლისს წარმოადგენენ ჯანდაცვის პირველი პირები, რომლებმაც მართლა საჯაროდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა.
ბნელია, თუ წამოსცდა და პირიდან ამოუშვა ფრაზა, „ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ...“. ეს „მაგრამ“ და კითხვების დასმა და ანტივაქსერის ტიტული გარანტირებულია.
ბნელია, თუ ძალიან კარგად ერკვევა (ასეთი პაციენტიც მყავდა, საერთო არ იყო ექიმი) კლინიკური კვლევების ნიუანსებში და სწორედ ამიტომ უჩნდება კითხვები. ზუსტად ის ესხმის თავს და ბნელს უწოდებს, არაფერი რომ არ გაეგება, საერთოდ რას ნიშნავს მედიკამენტის/ვაქცინის გამოცდა და თუ მისმა დაქალმა ამერიკაში ვაქცინა გაიკეთა და „ძაანაც კარგად გრძნობს თავს“, ეს ისეთი რკინისებური მტკიცებულებაა, რომ სრულიად საფეისბუქეთი ფერხთით უნდა გაეგოს და არც კი დაუშვას დამატებითი კითხვის დასმა, თორემ ბნელის ტიტული არ ასცდება.
ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და მე ვინ ვარ, რომ ვინმესთვის მოწოდება ავიღო ჩემს თავზე, მაგრამ ბნელის და ანტივაქსერის ძახილით უკურეაქციას ვიღებთ. ცოტა მეტად თუ ვაცლით ერთმანეთს აზროვნებას, საკითხში გარკვევის მცდელობას და თუნდაც მიუღებელი კითხვების დასმას თუ აზრის გამოთქმას, საბოლოო შედეგი, მათ შორის ვაქცინაციით მოცვაც, ბევრად უკეთესი გვექნება.
და კიდევ, ეს ჩემი ფეისბუქ გვერდია და გთხოვთ, პატივი მეცით და ნუ შემომივარდებით ბნელის ძახილით,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა“ - თემურ მიქელაძე
„ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა,“ - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც პედიატრმა აღნიშნა, 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, ვაქცინაცია აუცილებელი არ არის.
„ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში. ერთეული შემთხვევებია, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და სწორედ ამ ბავშვებისთვისაც აუცილებელი იყო ვაქცინაცია, მათ ყოველგვარი გართულების გარეშე, ნორმალურად გადაიტანეს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გავაკეთეთ პირველად საქართველოში 12 წლის ასაკის ზემოთ ვაქცინაცია დაახლოებით ერთი თვის წინ. ეს იყო ერთეული შემთხვევები, კონკრეტულად ჩემი 3 პაციენტი აიცრა, მათგან ორი 12 წლის და ერთი 15 წლის. მათ გადაიტანეს რეაქციის გარეშე. ერთ-ერთი მათგანი შემდეგ დაინფიცირდა კიდეც და გადაიტანა მსუბუქი ფორმით. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ.
ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, არ არის აუცილებელი ვაქცინაცია. მე რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციისა არ ჰქონიათ და რისკჯგუფის არმქონე ბავშვებთან არ არის აუცილებელი. სჯობია, ეს ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.
ვისაც აქვს სურვილი, დღესვე შეუძლია ნებისმიერ მშობელს მიმართოს თავის ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმები ავსებენ „ფორმა 100“-ს, შემდეგ იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება და მე-2, მე-3 დღესვე ეს ბავშვები აიცრებიან, ოღონდ ეს უნდა იყოს მშობლის ნება, ასევე ოჯახის ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ვაქცინაცია იმიტომ, რომ მას აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც შეიძლება კორონავირუსი მომაკვდინებელი იყოს. სამწუხაროდ, ერთი ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა ჩვენ ამ კონკრეტულ ჯგუფში. საუბარია 12-დან 15-წლამდე მძიმე ნერვოლოგიური, გენეტიკური პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული უკმარისობა, გულის თანდაყოლილი პათოლოგია თუ ა.შ. ასეთ ბავშვებს მშობლებისა და ოჯახის ექიმის მომართვის საფუძვლზე ჩვენ ავცრით. ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.