პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფაიზერის მესამე დოზაზე საუბრობს. მისი თქმით, ბუსტერი (მე-3 დოზა) გარდაუვალია:
,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.
ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.
ფაიზერმა კვლევა დადო (იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.
საქართველოში რა უნდა ვქნათ:
ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში).
ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).
აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე.
ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მოვიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
პროფესორი ასევე საუბრობს სინგაპურის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფაიზერით ან მოდერნათი ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ:
,,სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ ვინაიდან უმრავლესობა:
შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ,
მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება,
საკმაოდ დაბალია ალბათობა, რომ მოხვდნენ რეანიმაციაში ან გარდაიცვალონ,
მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.
„სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია,“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონი შეაფასა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის გაზრდილი შემთხვევების გამო სახელმწიფო იძულებული გახდება სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს:
„მე მიმაჩნია, რომ მოსახლეობა ან გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან, შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული გახდება შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც უნდა პროტესტი მოჰყვეს ამას. სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესოს, პირველ რიგში, ცალკეული ჯგუფებისთვის, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.“ - აღნიშნულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 467 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 1790 და გარდაიცვალა 42 ადამიანი.