საქართველოში გაქრისტიანების ამბავი რომ მირიან მეფის ნადირობისას მზის დაბნელებას უკავშირდება, ბევრმა იცის, ისტორიად ქცეული ლეგენდა თაობიდან თაობას დღემდე თავდაპირველი სილამაზით გადაეცემა.
„იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული, იგი ამაოდ შესთხოვდა თავის ღმერთებს შველას, მაშინ მეფე შეჰვედრებია ღმერთსა ნინოსა, მოხდა სასწაული - მზე გამოჩნდა, ცა მოიწმინდა, მირიანმა აღუთქვა ნინოს: „რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი, ამას ადგილსა აღვმართო ჯვარი!
ეს ამბავი თხოთის მთაზე მოხდა. მთა, რომელიც თბილისის მაგისტრალიდანაც კარგად ჩანს, სოფელ აღაიანის ტერიტორიაზეა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ეს მთა გრძნეულია. თუ უნდა, თავისთან მიგაახლებს, თუ არა, ფეხსაც არ აგადგმევინებს ნინოწმინდის ეკლესიაზე.
„მე მჯერა ამ ლეგენდის, რადგან თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა უცებ იცვლის ხასიათს, ადამიანივით გრძობს თხოთის მთა. კრძალვით უნდა მიეახლო და თუ აგიშვა ნინოწმინდამდე, მადლობა გადაუხადო. ბევრჯერ ვარ მომსწრე, ძლივს რომ ჩამოაღწიეს მნახველებმა ბარში, ზოგი დაშავებულა კიდეც. დარწმუნებული ვარ, მეფე მირიანს მართლა „გაუბრაზდა“ მთა, ამ ლეგენდას აქვს არსებობის უფლება. აქაურები მთას არ „აბარაზებენ“, ნინოწმინდის ტაძართან პატარა ქვაბულში მოთავსებულ ადამიანების ძვლის ნაწილებს უვლიან, აქ დროდადრო წირვა-ლოცვაც ტარდება“, - გვიყვება ჩვენი მასპინძელი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, წარმატებული ქალი ანა კუხალაშვილი, ის აფხაზეთიდან დევნილობის რთულმა გზამ აღაიანში მოიყვანა.
დიდი ხანია, მინდოდა, ანას შესახებ დამეწერა, რადგან სწორედ იდუმალი თხოთის მთის უცნაურობებით დაიწყო ანას საოცარი ამბავი ამ სოფელში. ანამ და მისმა გერმანელმა მეუღლემ - მიხაელმა ეს ადგილი აგარაკად 2012 წელს აირჩიეს (ამ სიყვარულის ამბავზე ცოტა მოგვიანებთ), გერმანიიდან გაიფორმეს ნაკვეთი და ადგილზე ანას მამა - ბატონი თამაზი დასახლდა. ააშენეს პატარა სახლი. მალევე გაიცნეს ადგილობრივები, თხოთის მთაც შეუყვარდათ და (7 წლის წინ) სწორედ ამ მადლიან მიწაზე ყველის საწარმოს აშენება გადაწყვიტეს, სადაც ამჟამად 6 სახეობის ყველის წარმოება მიმდინარეობს.
„მილიანო“ - ასე ჰქვია ყველის საწარმოს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს და გერმანულ-ქართული საოჯახო ბიზნესის კარგი მაგალითია. საწარმო ითვალისწინებს HACCP სისტემას, სტანდარტი გამოიყენება კვების ჯაჭვის ყველა ეტაპზე: ნედლეულის შესყიდვაში, წარმოებაში, შეფუთვაში, ტრანსპორტირებისას.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება, სურსათის უვნებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სოფლად წარმოების განვითარება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და მისი კულინარიული ღირსების წარმოჩენა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - ამბობს ანა კუხალაშვილი.
ამჟამად „მილიანოს“ რძის პროდუქტით უდიდესი ამერიკული ბრენდი „ბასკინრობინსია“ დაინტერესებული. ყველის დაფები შედის რამდენიმე ელიტურ რესტორანში და გავიდა ექსპორტზე კანადის ბაზარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ „მილიანო“ ერთადერთი რძის პროდუქტების საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს Halal სერთიფიკატი - რაც მწვანე შუქია მუსულმანურ ქვეყნებში, კერძოდ, სპარსეთის ყურეში.
ანას ოჯახის ისტორია სულაც არ არის ტკბილი ზღაპარი. ის დევნილია. 6 წლამდე სოხუმში, შერვაშიძის ქუჩაზე ცხოვრობდა მანამ, სანამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი საომარ მდგომარეობაში არ გადაიზარდებოდა. მათი კედლის მიღმა აფხაზი ოჯახი ცხოვრობდა.
„ჩვენმა აფხაზმა მეზობელმა ურჩია მამას, რომ მე და ჩემი ძმა გავეყვანეთ ქალაქიდან“, - გვიყვება ანა. - ცდილობს, ამ თემაზე საუბრისას იყოს თავშეკავებული და ზომიერი, მაგრამ ყელში მოწოლილი ტკივილი ცრემლებად იქცევა უნებურად...
ჩემი როლი მხოლოდ სიჩუმეა, რომელსაც ისევ ანა არღვევს: „მხოლოდ თვითმფრინავების საშინელი ხმა მახსოვს და ახლაც არ მსიამოვნებს თვითმფრინავის ხმა. დედა აფთიაქის გამგე იყო და ბოლო დღემდე არ დაუტოვებიათ ქალაქი ჩემს მშობლებს. მე და ჩემი ძმა ცაგერში ბებიასთან წამოგვიყვანეს“. და მაშინ, როგორც ბევრი დევნილი აფხაზეთიდან, ანას ოჯახიც წყალტუბოში აღმოჩნდა.
„ცოტა ხნით სანატორიუმ „მედეაში“ ვცხოვრობდით, შემდეგ „აიაში“ გადავედი დეიდასთან ერთად (მშობლები რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ), ძმა ცაგერში დატოვეს ბებიასთან.“ - ძმასთან განშორებაც ტკივილით ახსენდება ანას. წყალტუბოში ორი სკოლის გამოცვლა მოუხდა. მე-9 კლასამდე ქალაქის N1 საშუალო სკოლაში სწავლობდა.
„500 აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობდა „აიაში“ და ჩვენ ყველა „ერთნაირი ტიპები“ ვიყავით. სანატორიუმის უკან ტყე იყო და სოკოს ვაგროვებდით, ვიღაცებს ძროხაც ჰყავდა და ქათამიც სანატორიუმში. ვიღაცამ აივანზე კიტრიც კი მოიყვანა. ბავშვებს არ გვქონდა კანფეტი, არ ვიცოდით, ბანანს როგორი გემო ჰქონდა, მაგრამ ეს მოცემულობა იყო, ამისგან სულაც არ ვითრგუნებოდით.“ - იხსენებს ანა.
მე-9 კლასში მშობლებმა რუსეთში წაიყვანეს, ეს პერიოდიც გარდამტეხ პოლიტიკურ ძვრებს დაემთხვა: მოხდა ნორდ-ოსტის თეატრის ტრაგედია, პოლიტიკიდან წავიდა ელცინი, მოვიდა ახალი რუსული ძალა პუტინის სახით. ამ დროს ანა კოლეჯში სწავლობდა ეკონომიკის და სამართლის მიმართულებით.
„კავკასიელები ყველა „გაგვაშავეს“ რუსეთ-ჩეჩნეთის დაძაბული ურთიერთობის გამო, მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ მე აფხაზეთიდან წამოსული ვიყავი, სხვა კავკასიელებიც იყვნენ ჩვენს კლასში, მაგრამ ომი ან კონფლიქტი - განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა. არ გვიტოვებდნენ იმის განცდას, რომ ამ ომების შემოქმედი რუსეთი იყო. გვიკითხავდნენ ბულგაკოვს, პუშკინს, ტოლსტოის, ზე-აღმატებით ხარისხში აჰყავდათ რუსული კულტურა, ლიტერატურა, ისტორია.“ - ამბობს ანა.
საბოლოოდ ის მაინც ვერ რჩება მოსკოვში. მის ოჯახს ისევ დევნიან ეთნიკური ნიშნით, ისევ რუსები და როგორც წლების წინ - ამჯერად რუსის რჩევით, მისი ოჯახი ტოვებს სახლს, საქმეს, სამსახურს. მშობლებთან ერთად საქართველოში ბიძასთან ბრუნდება. აბარებს თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში - სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სულ მალე 2008 წლის აგვისტოს ომიც დაიწყო. ანამ ისევ წასვლაზე დაიწყო ფიქრი, ამჯერად ევროპაში.
„გადაწყვეტილი მქონდა წასვლა და ბედისწერამ მიხაელი (მიშა) შემახვედრა - ჩემს მეგობარს პაემანზე წავყევი და სრულიად შემთხვევით იქ გავიცანი. მიშა მაშინ საერთაშორისო პროგრამით ექსპერტად იყო მოვლინებული გერმანიიდან რეფორმების საკითხებში და ძალიან დიდი სამეგობროც ჰყავდა უკვე. მას მიზეზი უნდოდა საქართველოში დარჩენის, მე მიზეზს ვეძებდი აქედან წასასვლელად,“ - ღიმილით იხსენებს ანა და თვალები უბრწყინდება. გერმანელმა ბიჭმა ანას საკუთარ ქვეყანაში დარჩენა გადააწყვეტინა და ქართულ-გერმანული ოჯახიც შეიქმნა.
„როდესაც პირველი შვილი ნატალი შეგვეძინა, დავიწყეთ ფიქრი, როგორ უნდა გაგვეზარდა ბავშვი ჯანსაღად, მაშინ, როცა ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტი ძალიან ჭირდა. ვეძებდით ბუნებას და კარგ ჰაერს, სადაც დავსახლდებოდით და სრულიან შემთხვევით, ვიპოვეთ აღაიანი. აქ გვქონდა ვენახი, ხეხილის ბაღი და მოგვიანებით ჩვენივე სახსრებით გადავწყვიტეთ რძის საწარმოს დაარსება. საკუთარი ხელით ვაკეთებდით რემონტს, ყველა პროცესში ჩართული ვიყავით მთელი ოჯახი, დავასაქმეთ ადგილობრივებიც. მოგვიანებით ვაჟიშვილიც გავაჩინე - მაქსი. მას შემდეგ აღაიანში და თბილისში ერთნაირად ვცხოვრობთ.“ - გვიყვება ანა.
წარმატებული დევნილი ქალი აფხაზეთიდან გზავნილსაც გვიტოვებს:
- შემდეგი ინტერვიუ - სოხუმში!
თხოთის მთაზე მზემ გამოანათა - თითქოს გაიგო და დაგვეთანხმა.
სოფიკო ყანჩაველი
იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში