უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ღმერთი არასდროს არ მოგაკლებს სარჩო-საბადებელს არც შენ, არც შენს შვილს და ოჯახს, თუ მას მიენდობი,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე
დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ოჯახური თანაცხოვრების მნიშვნელობასა და ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:
„ოცდამეათე წელი დაიწყო ჩვენი თანაცხოვრობის. სერიოზული სტაჟია ეს ოჯახური ურთიერთობის. ხუთი შვილი გვაჩუქა ღმერთმა. შვილიშვილიც გვყავს. ყოველ წელს სიხარულით ველოდებით. არეულობის პერიოდში შევქმენით ოჯახი. რთული იყო ამაზე ფიქრიც კი. ჩვენ სხვა გაბედულება და სითამამე გვქონდა. ღმერთის და ჩვენი სიყვარულის იმედად შევქმენით ოჯახი. მართლა არაფერი არ გამაჩნდა. რა თქმა უნდა, ბევრი ტკივილი და გაჭირვება გამოვიარეთ.“
დეკანოზის თქმით, ადამიანებს შვილის გაჩენის ხშირად ეშინიათ, რადგან არ იციან, როგორ არჩინონ ის:
„ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ შვილიერების შიში აქვთ, შვილის გაჩენის შიში აქვთ, რომ რა ვქნა, როგორ შევინახო. უფალს მიენდეთ, ჩემო ძვირფასებო. მე საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით. ყოველი შემდეგი შვილის დაბადებით ჩვენი მატერიალური მდგომარეობა უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. თავისი ხურჯინით, თავისი მზითევით მოდიან ბავშვები. ეს ნამდვილად ასეა.“
„არასდროს თავზე არ გადაგვდიოდა და არც ახლა გადაგვდის, მდიდრები არასდროს ვყოფილვართ, არც მდომებია არასდროს. სულიერად ყოველთვის მდიდარი ვიყავი და უმდიდრესი ადამიანი ვარ, მილიარდელზე მილიარდელი ვარ ყოველთვის. ღმერთი არასდროს არ მოგაკლებს სარჩო-საბადებელს არც შენ, შენს შვილს და ოჯახს, თუ მას მიენდობი. ფსალმუნში წერია ასეთი საოცარი სიტყვები: „მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა.“ ერთადერთი რაც მოგეთხოვება, არის, რომ მართალი იყო ღვთის წინაშე. დანარჩენზე ყველაფერზე ღმერთი ზრუნავს,“- აღნიშნულ საკითხზე დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.