Baby Bag

„ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის სხვასთან შედარების ჩვევაზე ისაუბრა, რომელიც მშობლის მიერ შვილთან კომუნიკაციაში დაშვებული ერთ-ერთი შეცდომაა:

„ადამიანი მარტო შეგიძლია შეადარო თავისივე თავს. მე თუ გეტყვი, შენ ერთი თვის წინ რომ კაბა გეცვა, ძალიან გიხდებოდა, ნორმალურია.  თუ გეტყვი, რომ მეზობელს აცვია, უხდება და შენც ასე ჩაიცვი, თმა ასე გაიკეთე, ეს გაძულებს იმ მეზობელს. ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს. ის სხვა რა შუაშია, მშობელს სინამდვილეში იმის დარდი არ აქვს. საერთოდ არ მოსწონს ის.“

მარინა კაჭარავას თქმით, რაც ადამიანს თავად ეწყინება, ის სხვას არ უნდა გაუკეთოს:

„წარმოიდგინეთ მამაკაცებმა, თქვენმა ცოლებმა რომ სხვისი ქმრები აქონ: „იმის ქმარმა ის გაუკეთა, იმის ქმარმა ის უყიდა.“ გოგონებმა წარმოიდგინეთ, რომ გითხრათ ქმარმა: „იმის ცოლმა ეს გააკეთა.“ ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი. ყოველთვის ვექტორი მოიტრიალე საკუთარი თავისკენ. შენ გესიამოვნებოდა ეს?! თუ არა, მაშინ სხვასაც ნუ ეტყვი იმავეს.“

„არათუ შედარება, სხვისი ქებაც კი გამაღიზიანებელია, თუ ეს ქება გადაცდა ზღვარს. როდესაც მე გაუთავებლად ვაქებ სხვას, ამით შენ გეუბნები, რომ არ ვარგიხარ. შენ რომ ღიზიანდები, გეტყვი: რა არ მაქვს უფლება, რომ სხვა ვაქო? ამაში ფუჭდება და წყალში იყრება ყველა ის სიკეთე, თუ რამე გამიკეთებია. წამოძახება, რომ მე შენი გულისთვის ეს გავაკეთე, არ შეიძლება. „მე შენი გულისთვის, დედიკო, არ გავთხოვდი და ღამეებს გითენებდი.“ ბავშვი გეტყვის: „გათხოვილიყავი“ და გეწყინება. თუ არ გათხოვდი, ხომ შენი არჩევანი იყო, ბავშვი რა შუაშია?!“- აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო:​ SDMI Georgia

შეიძლება დაინტერესდეთ

ომიკრონით ინფიცირებული ბავშვის სახლში მკურნალობის გზამკვლევი - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაციები

ომიკრონით ინფიცირებული ბავშვის სახლში მკურნალობის გზამკვლევი - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაციები

კლინიკა „მზიური მედი“ ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების სახლში მართვის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს:

კოვიდ -19 (მათ შორის ომიკრონი) ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად და აბსოლუტურ უმრავლესობაში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. შესაძლებელია იმართოს სახლის პირობებში.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

0-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში

  • ცხელება, ხველა ან ჰაერის უკმარისობა 63%
  • - ცხელება 46%

    - ხველა 37%

    - ჰაერის უკმარისობა 7%

  • მიალგია 10%
  • რინორეა 7%
  • ყელის ტკივილი 13%
  • თავის ტკივილი 15%
  • ღებინება/გულისრევა 10%
  • მუცლის ტკივილი 7%
  • დიარეა 14%
  • ყნოსვის ან გემოვნების კარგვა 1%
  • კლინიკური ნიშნები 10-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში

  • ცხელება, ხველა ან ჰაერის უკმარისობა 60%
  • - ცხელება 35%

    - ხველა 41%

    - ჰაერის უკმარისობა 16%

  • მიალგია 30%
  • რინორეა 8%
  • ყელის ტკივილი 29%
  • თავის ტკივილი 42%
  • ღებინება/გულისრევა 10%
  • მუცლის ტკივილი 8%
  • დიარეა 14%
  • ყნოსვის ან გემოვნების კარგვა 10%
  • ცხელება სხეულის ტემპერატურის ნორმიდან მატებაა, სპეციფიკური ბიოლოგიური რეაქციაა, დაკავშირებულია და კონტროლდება ც.ნ.ს-ის მიერ.

    სხეულის საშუალო ნორმალური ტემპერატურაა 35,7⁰C - 37,2⁰C (96.3- 98,6F), რაც ემყარება მე-19 საუკუნის კვლევებს.

    სხეულის ტემპერატურა ცვალებადია ასაკის, დღე-ღამის ცირკადული რიტმის, მენსტრუალური ციკლის ფაზის, გარემო ტემპერატურის, დროისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით.

    თანაფარდობა ფარენჰაიტსა და გრადუსს შორის:

    C⁰ ( ცელსიუსი) = (tF⁰ - 32) × 5/9

    F⁰ (ფარენჰაიტი) = 9/5 × (tC⁰+32)

  • ცხელება არ წარმოადგენს დაავადებას, ის ფიზიოლოგიური პასუხია (რეაქციაა).
  • ჯანმრთელ ბავშვებში ცხელება უმეტესად არის თვითგანკურნებადი და კეთილთვისებიანი, იმ პირობით რომ მიზეზი არის ცნობილი და სითხის დანაკლისი შევსებულია. ცხელება არ იწვევს ც.ნ.ს-ის დაზიანებას. თუ არსებობს სერიოზული დაავადების ნიშნები საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.
  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცხელება დაავადებას აუარესებს.
  • ტემპერატურის მატების შესამცირებლად, საჭიროა ბავშვის სითხეებით უზრუნველყოფა.
  • ბავშვი, რომელიც მკურნალობს ცხელებას, რომლის მიზეზიც ცნობილია, არ საჭიროებს ღამით გაღვიძებას სიცხის დამწევი საშუალებების მისაღებად.
  • ანტიპირეტულ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში არ უნდა დაინიშნოს ხველების ან გაციების საწინააღმდეგო ისეთი საშუალებები, რომლებიც მსგავსი შემადგენლობისაა.
  • სიცხის დამწევი საშუალებები უნდა დაინიშნოს წონის და არა ასაკის მიხედვით.
  • ანტიპირეტული საშუალებების ინსტრუქცია უნდა შიეცავდეს უსაფრთხო შენახვა-მოხმარების წესებს: როგორ გავზომოთ შესაბამისი მოცულობა, რამდენჯერ შეიძლება მიღება, მისი მოქმედების მონიტორინგს, როგორ უნდა შეწყდეს მიღება და როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
  • არ არის მიზანშეწონილი ერთდროულად სხვადასხვა ჯგუფის ანტიპირეტული საშუალების (აცეტამინოფენის, იბუპროფენი) მიღება.
  • სიცხის დამწევი მედიკამენტების შეფუთვაზე მითითებულია დოზირება ასაკის და, ზოგ შემთხვევაში, წონის მიხედვით. მშობელმა თვითონ უნდა განსაზღვროს მედიკამენტის მიღების დოზირება და ჯერადობა.
  • თუ ბავშვი იტანს 39 ⁰C ტემპერატურას და მას არ აქვს დისკომფორტი, არ საჭიროებს სიცხის დამწევი საშუალებების მიღებას.
  • ხველა, თუ მისი გამომწვევი მიზეზი ცნობილია, დამცველობითი რეაქციაა და იწვევს სასუნთქი გზების გათავისუფლებას უცხო სხეულის, რესპირაციული პათოგენებისა და ნახველისაგან. კოვიდის დროს, ძირითადად, მშრალია (ე.წ ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი), საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას. საკმარისია თბილი სითხეების მიღება. სუნთქვის გაძნელების, გახშირების ან კრუპის დროს აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება, ექიმთან კონსულტაცია და მათი გადაწყვეტილებით ბინაზე მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია.

    კოვიდის დროს დიარეის შემთხვევაში ბავშვების უმრავლესობას აქვს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გაუწყლოება, რომელიც უნდა იმართოს ამბულატორიულად. დიარეის დროს ექსკლუზიური ძუძუთი კვება შეუფერხებლად გრძელდება. გამართლებულია ძუძუთი კვება უფრო ხშირად და ხანგრძლივად. ყველა სხვა შემთხვევაში, რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არაუგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს. ე.წ. ანტიდიარეული ფორმულებით ჩანაცვლება არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია რძემჟავა ნარევების (მაწონი) გაზრდა კვებით რაციონში. საკვები პროდუქტების შეზღუდვა არ არის რეკომენდებული. წყურვილის მოთხოვნილების გაზრდის მიზნით (თუ არ არის რაიმე ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც ეს იზღუდება) შესაძლებელია, ერთჯერადად, მარილის შემცველობის პროდუქტების მიღება, მაგ.: მარილიანი ჩხირები.

    გაუწყლოების მაღალ რისკს მიეკუთვნებიან:

  • ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით, პირველი 6 თვე
  • დაბადებისას უკიდურესად მცირე წონის ბავშვები
  • დიარეის სიხშირე ≥7 24 საათის განმავლობაში
  • მალაბსორბცია
  • ბავშვები მრავალჯერადი ღებინებით
  • ბავშვები, რომლებთანაც შეუძლებელია ორალური რეჰიდრატაცია.
  • თუ პაციენტის ზოგადი მდგომრეობა მძიმეა, გამოხატულია ცნობიერების მოშლა, ციანოზი, სითხის მიღების ან ძუძუს წოვის უნარის დაკარგვა, ლეთარგია, აგზნება, მიკროცირკულაციის მოშლა, სუნთქის გახშირება (0-2 თვემდე >60/წუთში, 2-დან 11 თვემდე >50/წუთში, 12 თვიდან 59 თვემდე >40/წუთში, 5 წლიდან >30/წუთში). საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას.

    გისურვებთ ჯანმრთელობას!

    ყველაფერი კარგად იქნება!

    ავტორები:

    პედიატრი მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე

    ექიმი რეზიდენტი მარიამ ლაფერაშვილი

    წაიკითხეთ სრულად