Baby Bag

„ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა, წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ,“- ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რეკომენდაცია

„ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა, წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ,“- ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა ადამიანებს ურჩია ომთან დაკავშირებით სიახლეებს უწყვეტად არ გაეცნონ და ტვინი ჭარბი სტრესისგან დაიცვან:

„საყოველთაო რჩევაა, რომ ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვაინტერესებს, მაგრამ წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ. როდესაც თქვენ ფეხდაფეხ მიყვებით მოვლენებს, საკუთარ ტვინს გაბმულ, მუდმივ სტრესში ამყოფებთ. ამბების გაცნობას შორის შუალედების გაზრდა საკუთარი ფსიქიკის დაცვაა.“

ხათუნა მუზაშვილის თქმით, ადამიანებს შორის მზარდი აგრესია ომის პირობებში შემთხვევითი არ არის:

„ერთმანეთზე აგრესიაც არ არის შემთხვევითი. ამას საფუძვლად სულ სხვა რამ უდევს, ვიდრე გვგონია. საბრძოლო მოქმედებების დროსაც კი დაცულობის განცდა არის უმთავრესი. ამას ომში მყოფი ადამიანი იღებს გვერდზე მდგომებისგან, თანამოაზრეებისგან. ადამიანს ამ მდგომარეობაში უნდა შემოიკრიბოს თანამოაზრეები. ამიტომ არის ამდენი: წაგშლით, ჩემს გვერდზე მარტო თანამოაზრეები უნდა იყვნენ.“

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტრესის დროს მართლა შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები. მივცეთ საშუალება ერთმანეთს, რომ თანამოაზრეებს ვესაუბროთ. დავკავდეთ რაიმე ისეთით, რითაც დახმარება შეგვიძლია. თუ ჰუმანიტარული დახმარება გროვდება ომში მყოფი ადამიანებისთვის, ხომ კარგი. თუ არა, უბრალოდ გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმაროთ გარშემო, ეს ძალიან სერიოზულ შვებას გვაძლევს, იმიტომ, რომ რაღაცას ვაკეთებთ,“- აღნიშნულ საკითხზე ხათუნა მუზაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა,“ - გიორგი ღოღობერიძე „შავი სოკოს“ შესახებ საუბრობს

„ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა,“ - გიორგი ღოღობერიძე „შავი სოკოს“ შესახებ საუბრობს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ინდოეთში გავრცელებული დაავადების, ე.წ. შავი სოკოს შესახებ ისაუბრა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაასახელა:

„ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრ ადამიანს დაემართა ე.წ. „შავი სოკო.“ „შავი სოკო“ ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმეც. შემთხვევათა ნახევარში ის მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. „შავი სოკოს“ გამომწვევი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ეს სოკოები არის ყველგან. უფრო მეტად ის გავრცელებულია ინდოეთში. ​ეს ინფექცია ინდოეთში 80-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქართველოს შემთხვევაში ის არ გვქონია, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ მასზე? ეს არის სოკოვანი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს უზიანდება თვალბუდეები, ცხვირის ღრუ. შეიძლება მოხდეს ამ ყველაფრის დანეკროზება, კვდომა. შესაძლოა, იყოს სასის პერფორირებაც.“

​გიორგი ღოღობერიძის თქმითშავი სოკო" უფრო მეტად გავრცელდა მას შემდეგ, რაც კოვიდი გაჩნდა:

„ამ სოკოვან დაავადებას ჰქვია მუკომიკოზი. ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა. რისკ-ფაქტორები, რომ ადამიანს მუკომიკოზი დაემართოს, შეიძლება იყოს კოვიდ 19, როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება კოვიდისგან და გასულია სულ რაღაც რამდენიმე დღე ან კვირა. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ მკურნალობს შაქრიან დიაბეტს. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ლიმფომა, ორგანოების გადანერგვა, სტეროიდების ძალიან ხანგრძლივად გამოყენება, თირკმლის უკმარისობა, ციროზი, სიმსივნეები (უფრო ხშირია ფილტვის მუკომიკოზი), მალნუტრიცია, ტუბერკულოზი, დიდი რაოდენობით რკინის შემცველობა სხეულში, ნეიტროფილების რაოდენობის დავარდნა.“

„ეს ინფექცია იწყება ან პირის ღრუში, ან ცხვირში. ასე აღწევს სოკო ჩვენს ორგანიზმში. თვალბუდეების გავლით ის აღწევს საკუთრივ თავის ტვინს. თავიდან პაციენტს აქვს სახის ცალმხრივი მტკივნეულობა, განსაკუთრებით წიაღების პროექციაზე. შემდეგ სოკოს მიერ გამოწვეული თრომბი სისხლძარღევს ახშობს. ქსოვილები ვეღარ იკვებება, ვერ იღებს სისხლს, კვდება და ნეკროზდება. ქსოვილები შავდება, ამიტომაც ჰქვია ამ ინფექციას შავი სოკო." პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი, ​ძალიან მალე ეზრდება ტემპერატურა. თუ დროული ჩარევა არ მოხდება, შეიძლება სოკომ შეაღწიოს თავის ტვინში და გამოიწვიოს კომა. ინდოეთში ბევრ ადამიანს თვალები ამოუღეს, რომ ხელი შეშლოდა ინფექციის თავის ტვინში გავრცელებას. თუ სოკო აზიანებს ფილტვებს, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სისხლიანი ხველა. ეს სოკოვანი ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

​წყარო


წაიკითხეთ სრულად