Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გავიქროთ ღაბაბი სახლის პირობებში? - კოსმეტოლოგ-თერაპევტი შორენა ალიბეგაშვილი

როგორ გავიქროთ ღაბაბი სახლის პირობებში? - კოსმეტოლოგ-თერაპევტი შორენა ალიბეგაშვილი

კოსმეტოლოგ-თერაპევტმა შორენა ალიბეგაშვილმა სახლის პირობებში ღაბაბის გასაქრობი ვარჯიშების შესახებ ისაუბრა:

„კოვზი ძალიან კარგია ლიმფის განდევნისთვის, უბრალოდ უნდა იცოდეთ ეს ვარჯიშები და გააკეთოთ სწორად. თუ არ იცით სწორად, შეიძლება ავნოთ საკუთარ თავს. შეგიძლიათ გააკეთოთ ვარჯიშები ყვრიმალისთვის, როდესაც მუშაობს საღეჭი კუნთი და ღიმილის კუნთი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვის ბურთულები ლიმფოდრენაჟისთვის, ასევე კვერცხები კუნთების მოსადუნებლად.

ყვრიმალის ვარჯიშების გაკეთება შეგიძლიათ ჯოხის პირში ჩადებით. ვარჯიშისთვის გამოგადგებათ ჩვეულებრივი საცობიც, რომელსაც ასევე პირში იდებთ და უნდა მოარგოთ საღეჭი კუნთის სიგრძეს.

დილით ძალიან სწრაფად შეგიძლიათ გააკეთოთ მხრების ვარჯიშები, შემდეგ მხრები უკან უნდა გადაწიოთ, კისერს ჩამოვეკიდოთ ხელებით. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ამ დროს თავი მოდის ქვემოთ და უნდა იგრძნოთ, როგორ გეჭიმებათ ზურგის კუნთები. შემდეგ ხელები უნდა მივიტანოთ ნიკაპთან და ჩვენს თავს თვითონ დავეხმაროთ თავის აწევაში. შემდეგ ვაკეთებთ კისრის ვარჯიშს, თავს ხუთჯერ გადავხრით ერთ მხარეს და ხუთჯერ მეორე მხარეს, ხუთჯერ წინ. შემდგომ მუშტი მოვათავსოთ ღაბაბზე და დავიწყოთ მუშტის ტრიალი. ნიკაპის ქვეშ მოვათავსოთ თითები და გავაკეთოთ ნიკაპის ოდნავ გაწელვა. ბოლოს ვმუშაობთ ოვალზე,“- აღნიშნულ საკითხზე შორენა ალიბეგაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

ღაბაბის გასაქრობ ვარჯიშებს დეტალურად თანდართულ ვიდეოში გაეცნობით.

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად