Baby Bag

აქვს თუ არა დადებითი მხარეები პანდემიას? - ფსიქოლოგ ზურა მხეიძის შეფასება

აქვს თუ არა დადებითი მხარეები პანდემიას? - ფსიქოლოგ ზურა მხეიძის შეფასება

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ პანდემიის დადებითი მხარეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ კრიზისს შეუძლია, რომ ადამიანს გარკვეული სარგებელი მოუტანოს:

„ადამიანს უფრო ეძვირფასება ის, რაც არ აქვს. ის ნაკლებად აფასებს იმას, რაც აქვს. ურთიერთობების ფასი, რაც ადამიანს პანდემიის დროს მოაკლდა, გაცილებით გაიზარდა. როდესაც ჯანმრთელობა გაქვს და კარგად ხარ, მისი ფასი ნაკლებად იცი. როდესაც არ გაქვს, ამ ფასს იგებ. ეს დაფასება ცუდი არ არის. მიხვდი, რომ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლისთვისაც არ გეცალა.

მეორე კარგი, რაც მოხდა ის არის, რომ სამსახურები გადავიდნენ ონლაინ რეჟიმში და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ფუნქცია ონლაინ რეჟიმში უფრო კარგად სრულდება. მე ვიცი სამსახურები, რომლებმაც დატოვა თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში. ეს აღმოჩენები გაკეთდა მთელ რიგ სამსარუხებში. თავიდან ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლა გაძნელდა. ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია.

იაპონელებზე ვკითხულობდი. წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან. არც ბუნებრივი რესურსი აქვთ, სულ ტაიფუნები და მიწისძვრებია. ეს ხალხი არათუ ცხოვრობს, ტექნოლოგიური განვითარება ნახეთ რა დონეზეა. გაძლიერდნენ იმ პირობებში, რა პირობებიც ჰქონდათ. მათი საქმიანობა, ფსიქოლოგიური თვისებები მოერგო იმ პირობებს და აწყობილია ისე, რომ არათუ ადაპტაცია შეძლოს, არამედ სერიოზულ პროგრესზეა ლაპარაკი. ნებისმიერი კრიზისი, ნებისმიერი რაღაც მსგავსი, გვეხმარება რაღაც ღირებულებების გადაფასებაში. რაც მანამდე არ ფასდებოდა მეტი ფასი ეძლევა, ხდება დამატებითი რესურსების შეძენა. ეს პლუსები ყველა კრიზისს ახასიათებს,“- აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კარგად უნდა გვესმოდეს ემოციური ძალადობის გავლენა ადამიანის განვითარებაზე" - ნატა მეფარიშვილი

,,კარგად უნდა გვესმოდეს ემოციური ძალადობის გავლენა ადამიანის განვითარებაზე" - ნატა მეფარიშვილი

,,კარგად უნდა გვესმოდეს ემოციური ძალადობის გავლენა ადამიანის განვითარებასა  და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის ქცევებსა და გამკლავების სტრატეგიებზე", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პროფესორმა ნატა მეფარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,საუკუნის წინ, როდესაც აღზრდის მეთოდებში შედიოდა ყვირილი, სახაზავის ხელში ჩარტყმა და ა.შ. ეს მიიჩნეოდა ნორმად და დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ რაც დაკავშირებულია დამცირებასთან, შეურაცხყოფასთან, ტკენასთან, არანაირად არ უკავშირდება აღზრდას. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ემოციურ ძალადობასთან და ტოვებს საკუთარ კვალს. რატომ შეიძლება, ზოგიერთი ბავშვი იყოს მეტად მოწყვლადი სექსუალური ძალადობის ან ოჯახს გარეთ ფიზიკური ძალადობის მიმართ. იმიტომ, რომ შესაძლოა,ჩვენ აღზრდის მეთოდად ემოციური ძალადობა გვაქვს გამოყენებული. როდესაც ჩვენ არ ვფიქრდებით, რომ ამით ბავშვის თვითშეფასებას ვანგრევთ, რომ მას ვუსპობთ იმის გაცხადების შესაძლებლობას, რასაც ფიქრობს, როდესაც ნორმად მიიჩნევს დამცირებას, მაშინ არსებობს ალბათობა იმისა, რომ სახლს გარეთ, ოდნავ მოზრდილი, თუ მოძალადეს გადაეყრება, ამას მეტ-ნაკლებად მიიღებს, როგორც კუთვნილ სასჯელს. 

როგორ ვექცეოდით მანამდე ბავშვს ოჯახში, როგორი დამოკიდებულება აქვს მას საკუთარი უფლებების დაცვის მიმართ, რას ფიქრობს საკუთარ თავზე, როგორი თვითშეფასება აქვს, როგორ შეუძლია - რომ ხმა აიმაღლოს ძალადობის წინააღმდეგ - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გახლავთ პრევენციული. 

ძალადობის შემდგომ ცხოვრება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ძალადობაგადატანილი ადამიანი იყოს მხარდაჭერილ-დახმარებული. პირველ ყოვლისა, აუცილებლად ოჯახი უნდა იყოს ემოციური მხარდამჭერი. თუ ოჯახში ხორციელდება ძალადობა, აუცილებლად უნდა მოხდეს ოჯახის წევრების განათლება ამ მიმართულებით. უნდა არსებობდეს სერვისები, რომლებიც ე.წ. იძულებით განათლებას უზრუნველყოფს მათთვის. როდესაც ოჯახს არ შეუძლია, გაათვითცნობიეროს, რა ქნა, როგორ დაამცირა საკუთარი შვილი, უნდა არსებობდეს სერვისები, რომლებიც მათ გააცნობიერებინებს ამას. 

ძალადობა არის ტრავმა. გამოდის, რომ ტრავმაზე აუცილებლად იქნება სამუშაო და რაც უფრო ადრე იქნება ეს გაკეთებული, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ მოგვიანებით, ზრდასრულობაში  ადამიანს შეექმნება სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები", - აცხადებს ნატა მეფარიშვილი.

წყარო: .​.პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად