Baby Bag

„უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის,“- ზურა მხეიძის რჩევები წყვილებს

„უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის,“- ზურა მხეიძის რჩევები წყვილებს

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ოჯახურ ურთიერთობებში წყვილს შორის რუტინისა და მოწყენილობის გადასალახად დადებითი და ძლიერი ემოციების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წყვილმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განიცადოს განსაკუთრებით ძლიერი, პოზიტიური ემოცია, რათა ურთიერთობამ სტაბილურობა შეინარჩუნოს:

„ჩვენ რუტინაში ვიხლართებით. ამიტომ ურთიერთობებმა რომ შეინარჩუნოს ის ნაწილი, რომ გადაგალახინოთ რუტინის ემოცია. უნდა ვეცადოთ, რომ წელიწადში ერთხელ გავაკეთოთ ერთმანეთისთვის რამე ისეთი, რომელიც იმდენად ჭარბ პოზიტიურ ემოციებს იძლევა, რომ მერე ერთი ან ორი წელი თანაცხოვრებისას გარკვეული ტიპის რუტინა გადაგატანინოთ. ამაზე უნდა იფიქროს ორივე მხარემ. მე რაღაც უნდა გავაკეთო, რაც მეორეს ძალიან აღაფრთოვანებს. ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის. ჩვენ ურთიერთობების შეფასების დროს ვიხსენებთ ხოლმე რა გვქონდა ერთმანეთთან, რუტინას არავინ არ იხსენებს. მე მოვდიოდი სახლში და ისიც მოდიოდა სახლში, ეს არ არის გახსენების მომენტი.

ადამიანს, შენს პარტნიორს თუ კარგად იცნობ, იცი რაზე როგორ რეაგირებს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადამიანისთვის. შეიძლება თქვენთვის სულ არ არის ეს მნიშვნელოვანი. ასეთი ტიპის ემოცია, რომელიც ზემოდან გადაფარებულია რუტინული ტიპის ურთიერთობებზე, იძლევა საკვებს, რომ ურთიერთობები სტაბილური იყოს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​ტრენერთა ასოციაცია • Trainers' Association

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში აღმოაჩინეს:

„ვირუსებისთვის მუტაციები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერ მუტაციას, რომელიც ასპარეზზე გამოჩნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორ კატეგორიად განიხილავს: შეშფოთებისა და ინტერესის ვარიანტად. ჯერჯერობით ამ ვარიანტისთვის არცერთი ვარიანტის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. დიდი ალბათობით მას ინტერესის ვარიანტის სტატუსი მიენიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ მასში არის მრავალხმრივი მუტაციები, დაახლოებით 46-მდე მუტაცია.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალ შტამზე დეტალური ინფორმაცია მეცნიერებს ჯერ არ აქვთ:

„ჯერჯერობით ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობაზე, იმუნურ პასუხზე საუბარი ნაადრევია. მან 12 ადამიანში ინფექცია გამოიწვია და იმის იქით არაფერი. ნებისმიერი ახალი ვარიანტი რამოდენიმე რისკის მატარებელია. როდესაც ერთი ადამიანი ხდება ავად, მასში ას მილიონამდე ვირუსის სახეობა ჩნდება. ამდენი კოპირებების დროს ვირუსი უშვებს შეცდომებს. როდესაც მუტაციათა გარკვეული სახეობა დაგროვდება, ვირუსი პირველსახეს ნაკლებად ემსგავსება.“

„ასეთი მუტაცია ბევრი აღმოცენებულა მსოფლიოში. მათ არ ჰქონდათ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი, ვიდრე დომინანტ ვარიანტებს, რის გამოც ისინი მსოფლიოში ვერ გახდნენ დომინანტურები,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia 

წაიკითხეთ სრულად