Baby Bag

„ექვს წლამდე ასაკის ბავშვები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ჩვენი სხეულის ენას, ვიდრე ნათქვამის შინაარსს,“ - თამარ გაგოშიძის რეკომენდაციები მშობლებს

„ექვს წლამდე ასაკის ბავშვები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ჩვენი სხეულის ენას, ვიდრე ნათქვამის შინაარსს,“ - თამარ გაგოშიძის რეკომენდაციები მშობლებს

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ექვს წლამდე ასაკის ბავშვთან კომუნიკაციის პრობლემებზე ისაუბრა:

„ექვს წლამდე ასაკის ბავშვები ყურადღებას შინაარსს კი არ აქცევენ (უფრო ნაკლებად), უფრო მეტად ყურადღებას აქცევენ ჩვენი სხეულის ენას, რა ჟესტით, რა ტონით ეუბნები რამეს. ბავშვი გეუბნება: „ხომ შეიძლება სხვა ტონით მითხრა?“ თუ რამოდენიმე შვილი გყავს, ბავშვები გაძლევენ ხოლმე შენიშვნას, რომ მე შენ სხვა ტონით მელაპარაკები და ჩემს ძმას სხვა ტონით ელაპარაკები. შენ ამას ვერ ამჩნევ და ეს ხდება ხოლმე, იმიტომ კი არა, რომ ერთი გიყვარს და მეორე - არა, ასე ჩამოგიყალიბდა შენ. ერთი შენს თვალში უფრო დამოუკიდებელია, მეორეს მუდმივად შენი დახმარება სჭირდება, მაგრამ შენ ფიქრობ ასე. ეს შენი მენტალური მოდელია და ბავშვები ამას გრძნობენ. სწორედ ეს არის კომუნიკაციის მთელი სირთულე, რომ ჩვენ არამარტო ვეუბნებით რაღაცებს, არამედ გადავცემთ ჩვენს დამოკიდებულებას.

სწორედ სხეულის ენა, ჟესტები, ბავშვის ემოციების გაგება კომუნიკაციის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არც ის ვიცით ბავშვი რას გრძნობს და არც ის, ჩვენ რას ვგრძნობთ. პირველ რიგში, გავიგოთ, რამ გამაღიზიანა და ამაკივლა მე ამ მომენტში, ან ეს ბავშვი რატომ არის ასეთი აღგზნებული და დადის კედლებზე. შემთხვევით არაფერი არ ხდება. იმიტომ კი არ არის ასე, რომ ჰიპერაქტიურია, როგორც ახლა მოდაშია ამაზე საუბარი, რაღაც მოხდა. კომუნიკაციას ეს უდევს საფუძვლად, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რატომ დარბის ბავშვი ასე გადარეული, ან რატომ არის ასე უცნაურად გაჩუმებული. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ეს ვკითხოთ ორი წლის ბავშვსაც კი: „რას ფიქრობ? რას გრძნობ?“ ჩვენ არასდროს ამას არ ვეკითხებით ჩვენს შვილებს.ჩვენ უფრო სხვა რამეები გვაინტერესებს ცხოვრებაში. შიგნით რა ხდება ეს ნაკლებად დასანახია. ამას ჩვენ ჩვენს შვილებში არ ვაკვირდებით,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“