„ბოლო დროს განსაკუთრებით 6-12 წლის ასაკის ბავშვებთან მიმართებით მშობლები ღელავენ, რომ ეკრანდამოკიდებულის დრო გაიზარდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში, პირველი, რაც კარგად უნდა გვესმოდეს, უნდა მივიღოთ, რომ ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ. ამას ბავშვს მთლიანად ვერ მოვაშორებთ. მისი განვითარება დიდწილად ნამდვილად ამაზეა დამოკიდებული. ამით ჩვენს თავს ცოტა საქმე გავუმარტივოთ. ნუ დავიდანაშაულებთ თავს, რომ ცუდი მშობლები ვართ და ბავშვს სხვა რაღაცებით ვერ ვაინტერესებთ. ამ ასაკში ტექნიკასთან დროის გატარების მოთხოვნილება ბევრად მეტია. მოგვიწევს, რომ ამას ცოტა მოვერგოთ.
მნიშვნელოვანი ის კი არ არის ბავშვი რომ ტექნიკასთან დროს ატარებს და რამდენ საათს ატარებს. მნიშვნელოვანი ის არის, ბავშვი რას აკეთებს ტექნიკასთან. თუ მე ეკრანთან ვსწავლობ, ვვითარდები, ვურთიერთობ, ახალ უნარ-ჩვევევს ვიძენ, ეს არ არის დრამატული და არც პრობლემა არ არის. ცოტა ბავშვების მდგომარეობაშიც შევიდეთ. მთელი დღე ისედაც ეკრანთან ზიხარ? - ბავშვს ეუბნებიან. ეს არ არის ერთი და იგივე. მე რომ გაკვეთილზე ვზივარ ეკრანთან, ეს ვერ მიცვლის იმ მოთხოვნილებას, რომ ვითამაშო კიდეც, სოციალურ ქსელში შევიდე. ამ ფრაზებს მე მოვერიდებოდი.
ნუ შეგვეშინდება ლიმიტების დაწესების. ნუ შეგვეცოდება ბავშვი, რომ ლიმიტები დავაწესოთ. თუ ტექნიკასთან დღის განმავლობაში გატარებული დრო 1 საათია ლიმიტი, ეს ერთი საათი უნდა იყოს ერთი საათი და ამას მშობელი უნდა აკონტროლებდეს. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ბავშვი იქ რას აკეთებს. ეს არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი, ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი. ამის უფლება მშობელს აქვს და ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვს ეს არ ესიამოვნოს,”-აღნიშნა ზანდა ჩეჩელაშვილმა.
წყარო: „მშობლები განათლებისთვის“