„მნიშვნელოვანია, ბაღში რა ხდება და რატომ არ უნდა ბავშვს ბაღში წასვლა. თუ ბავშვი 4 წლის ასაკშია, ბაღში პირველად მიდის და აქამდე მშობელს არ მოშორებია, ეს ნორმალური შფოთვაა. პირველად მიწევს, რომ მშობელს მოვშორდე. ეს განშორების შფოთვაა. მის გარეშე რაღაც გარემოში უნდა დავრჩე, სადაც ბევრი რამ არ ვიცი. ბევრი ხალხია და არ მომწონს, ბავშვები სათამაშოს მართმევენ და არ მომწონს, მასწავლებელი მეუბნება, რომ რაღა გავაკეთო და არ მომწონს. არ ვიცი ჩემი მშობლები ნამდვილად მოვლენ თუ არა, არ ვიცი რა შეიძლება შემემთხვეს. ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს იმას, თუ რატომ ვერ რჩება ბავშვი ბაღში.
ჩვენ ამ შემთხვევაში მშობლებს ასეთ რჩევას ვაძლევთ, რომ პირველ ეტაპზე ბავშვი ბაღში ცოტა ხნით მივიყვანოთ, სანამ შეეგუება. რაღაც პერიოდი დავრჩეთ ბავშვთან ერთად. არსებობს ასეთი მიდგომა, რომ არაუშავს, შენ წადი, იტირებს და გაჩერდება. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ბავშვი იმიტომ ტირის, რომ შფოთავს, რაღაც აწუხებს იმ გარემოში მშობლის გარეშე. ბავშვი ისტერიკაშია, შენ დატოვე და წადი, ეს არ არის მარტივი. თუ ბავშვი მორცხვია და მარტივად ვერ შედის კონტაქტში, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას აქვს თავისი პიროვნული ნიშნები. პიროვნულ ნიშნებს ჩვენ ვერ შევცვლით. ეს თუ ბავშვს ხელს უშლის ბევრ რამეში, ნაცნობ ბავშვებსაც ვერ ეთამაშება, ნათესავებს, რომლებსაც კარგად იცნობს ვერ ეკონტაქტება, მაშინ სასურველია, რომ ერთი კონსულტაცია მაინც გავიაროთ თერაპევტთან, რომ მიზეზი დადგინდეს. თუ ეს უბრალოდ ტემპერამენტია და ბავშვს რამდენჯერმე სჭირდება რაღაც ადგილას მისვლა, ადამიანის რამოდენიმეჯერ ნახვა, ამის შესაძლებლობა ბავშვს უნდა მივცეთ,“- აღნიშნა ზანდა ჩეჩელაშვილმა.
წყარო: „აზროვნების აკადემია“